ირაკლი სილინი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი

დღეს 9 აპრილია, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავი. ეს არის საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღი, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ქართველი ერის ცხოვრება და სიცოცხლე დაუბრუნა ქართულ სახელმწიფოებრიობას. შესაბამისად, ცუდი არ იქნებოდა თვალი გადაგვევლო საქართველოს იმ დრამატული და არცთუ ისე შორეული წარსულისთვის, რომელიც დღევანდელი დღის სიმბოლიზმის და ზოგადად, ქართული დამოუკიდებლობის იდეის განუყოფელი ნაწილია. კერძოდ, კარგი იქნებოდა კიდევ ერთხელ გადაგვეხედა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დემოკრატიული გამოცდილებისთვის, რომლის საფუძველზეც პოსტ-საბჭოთა, დამოუკიდებელი საქართველო იშვა.

დამოუკიდებლობის იდეა ქართული კოლექტიური ცნობიერების საფუძველია. გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც უკანასკნელი 200 წელი ყოფილა. 1801 წელს ცარისტული რუსეთის მიერ ქართლ-კახეთი სამეფოს გაუქმების შემდეგ, საქართველო მოწმე გახდა ათეულობით ანტი-ცარისტული აჯანყების, რომლებიც იმპერიულმა ხელისუფლებამ სისხლში ჩაახშო. მიუხედავად ამისა, ეს არ ყოფილა თავისუფლებისათვის ბრძოლის დასასრული.

1860-იანი წლების „თერგდალეულთა“ თაობამ ახალი ენერგიით სცადა მიმქრალი ქართული ეროვნული ცნობიერების გამოღვიძება. თუმცა, ეგრეთ წოდებულმა „მამათა და შვილთა ბრძოლამ“ გარკვეულწილად გახლიჩა იმდროინდელი ქართული ინტელექტუალური და პოლიტიკური ელიტა. ძველი, ანუ მამათა თაობა, პროგრესს რუსეთში ხედავდა. ახალი, ანუ შვილთა თაობა, რევოლუციასა და დამოუკიდებლობაში. ამ უკანასკნელთა შეხედულებებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ევროპაში მიმდინარე ეროვნულმა რევოლუციებმა და სისტემურმა ცვლილებებმა, რომელთაც ევროპის კონტინენტზე ახალი მძლავრი სახელმწიფოები და პოლიტიკური იდეოლოგიები ჩამოაყალიბეს.

საბოლოოდ, საქართველოში დამოუკიდებლობის იდეამ გაიმარჯვა. თუმცა, 1907 წელს, წიწამურში ილია ჭავჭავაძის მკლელობამ უმძიმესი დარტყმა მიაყენა ეროვნულ ძალებს საქართველოში. ისტორიული პარადოქსია, რომ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება წილად ხვდათ მემარცხენე იდეოლოგიის სოციალ-დემოკრატიულ ძალებს, რომლებიც არათუ მზად არ იყვნენ დამოუკიდებელი ქვეყნის მართვისათვის, არამედ ზოგ შემთხვევაში არც კი ემხრობოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას.

მიუხედავავ ამისა, საქართველოს სოციალ-დემოკრატიულმა მთავრობამ შეძლო ქვეყანაში მმართველობის დემოკრატიული სისტემა დაემყარებინა, რომელიც იმდროინდელ იმპერიულ და მონარქიულ სისტემებთან შედარებით ნაკლებად პოპულარულ მმართველობის ფორმად ითვლებოდა. ჩემი ღრმა რწმენით, საქართველოს დემოკრატიული კურსი გარკვეულწილად განპირობებული იყო საქართველოს ეთნიკური მრავალფეროვნებითაც, რაც ჩვენ ქვეყანას არ მისცემდა ეთნონაციონალისტური იდეოლოგიის განვითარების შესაძლებლობას. მითუმეტეს, როდესაც გარეშე ძალები აქტიურად ცდილობდნენ საქართველოს გახლეჩვას ეთნიკური კუთხით. 1918 წლის ქართულ-ოსური კონფლიქტი, 1918 წლის სოჭის კონფლიქტი და 1918 წლის საქართველო-სომხეთის ომი ამის ნათელი მაგალითებია.

სწორედ ეთნიკური თანასწორობის იდეამ განაპირობა ის ფაქტი, რომ სოჭის კონფლიქტის დროს აფხაზთა ნაწილი საქართველოს უჭერდა მხარს. ასევე, 1918 წლის ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს ოსთა ნაწილი ნათლად აცხადებდა: „გადაჭრით ვკიცხავდით [აჯანყებულებს] და ამ აჯანყებას დამღუპველად ვთვლიდით ოსი ხალხისათვის. ჩვენ ოსები იმდენად გავითქვიფეთ ქართველ [ხალხთან], რომ ჩვენსა და ქართველებს შორის თითქმის არავითარი განსხვავება არ არის.“ უნდა ითქვას, რომ აჯანყებულმა ოსებმა ოსთა აღნიშნული ნაწილის გადმობირება სცადეს, თუმცა უშედეგოდ. ამ ყველაფერში ლომის წვლილი დემოკრატიული რესპუბლიკის ზომიერ ეთნიკურ პოლიტიკას მიუძღვოდა.

გარდა ამისა, დამოუკიდებელი საქართველო მაშინდელი დემოკრატიული სამყაროს ავანგარდში იდგა ქალთა უფლებების დაცვის მხრივაც. აღსანიშნავია, რომ საქართველოს 1919 წლის დამფუძნებელი კრების შემადგენლობაში ხუთი ქალი შედიოდა. ასევე ნიშანდობლივია, რომ მსოფლიოში პირველი მუსულმანი ქალი საკანონმდებლო ორგანოში სწორედ საქართველოში იქნა არჩეული. ეს ყოველივე მაშინ, როდესაც დღევანდელი დასავლური დემოკრატიის მედროშე არაერთი ქვეყანა, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები და შვეიცარია, ამ დროისათვის ქალებს ჯერ კიდევ არ რთავდნენ არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას.

დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული განვითარების კიდევ ერთ ნიმუშს წარმოადგენდა ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა. მაზრას, რომელიც მაშინდელი საქართველოს ძირითადი ტერიტორიული დანაყოფი იყო, გააჩნდა საკმაოდ ფართო ადმინისტრაციული და ფინანსური უფლებები, რაც რეგიონებს სოციალ-ეკონომიკური განვითარების საშუალებას აძლევდა, ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ იმდროინდელი საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა იმდენად ეფექტური იყო, მისი გამოცდილების გაზიარება საქართველოს მეორე რესპუბლიკამაც სცადა.

მთლიანობაში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია მაღალი პოლიტიკური კულტურის, საზოგადოებრივი განათლებისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ნიმუში იყო. დასანანია, რომ ასეთი მაღალი ღირებულებების სახელმწიფო ტოტალიტარული საბჭოთა სახელმწიფოსა და იდეოლოგიის მსხვერპლი გახდა, რომელმაც 70 წლით ჩაკლა დემოკრატიისა და თავისუფლების ყოველგვარი გამოვლინება საქართველოში.

სამწუხაროა, რომ დღევანდელი საქართველო და ქართველი საზოგადოება ვერ ახერხებენ იმ მაღალი მენტალური პროგრესულობის შენარჩუნებას, რაც საქართველოს პირველ რესპუბლიკას ახასიათებდა. ამას ჩვენს ირგვლივ არსებული ტოტალური სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისიც მეტყველებს, რომელიც ჩვენი ყოფირების განუყოფელი ნაწილი გახდა. დღესაც, ისევე როგორც წინა საუკუნეებში, ჩვენ ქვეყანას კვლავ ფიზიკური გადარჩენისათვის ბრძოლა უწევს. თუმცა, სხვადასხვა რბილი თუ ხისტი ძალისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, დღეს მტერი საზოგადოების შიგნიდან გატეხვას ცდილობს და საკმაოდ წარმატებითაც. ფაქტიურად, დღეს მტერმა შეძლოს ის, რასაც ვერ მიაღწია 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. საზოგადოებრივ გათიშულობასთან ერთად, უსუსუსობის, ნიჰილიზმისა და სკეპტიციზმის მზარდი მორევი განადგურებით ემუქრება ქართული სახელმწიფოს და ქართველი საზოგადოების არსებობას. მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს ყველაფერი დროებითია და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავი გახდება ის კრიტიკული ზღვარი, რომლის შემდეგ ჩვენი საზოგადოება შეძლებს გაერთიანებას და ისევე როგორც მრავალგზის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, კიდევ ერთხელ დაძლევს ბევრად ძლიერ მტერს.

©2021 ეროვნულ-რეფორმისტული ფორუმი. შესრულებულია inboundi-ს მიერ

შეგვეხმიანეთ

ამ მომენტში აქ არ ვართ, მაგრამ გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტა და უმალვე გიპასუხებთ.

იგზავნება

გაიარე ავტორიზაცია შენი მონაცემებით

დაგავიწყდათ თქვენი მონაცემები?