გია ივანიშვილი, თადარიგის ოფიცერი

ხაზგასმა არ ჭირდება, რომ ნებისმიერი დიდი თუ მცირე ქვეყნის გრძელვადიანი არსებობა ძნელი წარმოსადგენია დამოუკიდებელი სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის გარეშე. ბუნებრივია, ამ მხრივ გამონაკლისი ვერც საქართველო იქნება. უნდა ითქვას, რომ მსოფლიოში იშვიათად მოიძებნება ქვეყანა, რომელსაც უფრო წარმატებული სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი ქონდეს ვიდრე ისრაელს. ამ საკითხზე ერთ-ერთ ყველაზე უფრო საფუძვლიან ანალიზს წარმოადგენს დამოუკიდებელი მკვლევარისა და ჟურნალისტის, დოქტორ შირ ჰევერის ორ ნაწილიანი ვიდეო ლექცია სახელწოდებით „ისრაელის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი,“ რომელიც ჯერ კიდევ ჩანასახში მყოფი ქართული სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსისათვის საკმაოდ საჭირო და საინტერესო გაკვეთილებს შეიცავს. შესაბამისად, წინამდებარე სტატია სწორედ ამ ლექციის მოკლე ანალიზი გახლავთ, რათა დაინტერესებულმა მხარემ მისგან შესაბამისი ინტელექტუალური და კონცეპტუალური დასკვნები გამოიტანოს.

დავიწყებ იმით, რომ ისრაელის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ჩამოყალიბებაზე დასაწყისშივე დიდი გავლენა მოახდინა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დუაიტ ეიზენჰაუერის მიდგომამ ამ სფეროსადმი. კერძოდ, თავისი მეორე და ბოლო ვადის დასასრულს, პრეზიდენტმა ეიზენჰაუერმა ამერიკელი ხალხი სამხედრო-სამრწეველო კომპლექსის პოტენციურ ნეგატიურ გავლენაზე გააფრთხილა. ეიზენჰაური თვლიდა, რომ სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი, განსაკუთრებით კერძო კომპანიების ხელში, ფინანსური მოგების მიზნით მუდამ ეცდებოდა გავლენა მოეხდინა მთავრობის პოლიტიკასა და გადაწყვეტილებებზე, რაც მთლიანობაში უთუოდ დააზიანებდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

შესაბამისად, ისრაელის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის პირველი რანგის უმსხვილესი საწარმოები დასაწყისიდანვე სახელმწიფო საკუთრებაში იმყოფებიან. მიუხედავად იმისა, რომ 1999 წლიდან ისრაელის მთავრობამ დაიწყო ზოგიერთი ამ საწარმოს პრივატიზება, მთავრობა კვლავ ინარჩუნებს საკმარის ბერკეტებს იმისათვის, რომ კერძო კომპანიებმა ვერ მოახდინონ გავლენა სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრაზე.

ისრაელის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის მეორე თავისებურებას წარმოადგენს ინფორმაციის აბსოლუტური საიდუმლოება. ანუ ამ სფეროში მომუშავე თანამშრომლები ვალდებული არიან სრულად დაიცვან სახელმწიფო საიდუმლოება. ახალი სამხედრო ტექნოლოგიების შესახებ საჭირო ინფორმაცია ცნობილი ხდება უშუალოდ კერძო კომპანიებიდან, რომლებიც არეკლამებენ საკუთარ პროდუქციას.

ზოგადად, ისრაელის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი საკმაოდ ექსპორტზე ორიენტირებული დარგია, რაც ქვეყნის ადრეული პოლიტიკის მემკვიდრეობას წარმოადგენს. კერძოდ, სამხედრო-პოლიტიკურმა წრეებმა დასაწყისიდანვე გაიაზრეს, რომ ქვეყნის საბიუჯეტო სახსრები ვერასოდეს დააკმაყოფილებდა სამხედრო მრეწველობის უზარმაზარ ფინანსურ მოთხოვნებს. შესაბამისად, მათ გადაწყვიტეს ეწარმოებინათ იარაღის განსაზღვრული სახეობები ექსკლუზიურად ექსპორტისათვის, რათა შემოსული თანხებით დაეფინანსებინათ  მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიების განვითარება ისრაელში.

ასევე, ქვეყნის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი დასაწყისიდანვე ორიენტირებული იყო იქითკენ, რომ მას მთლიანად დაეკმაყოფილებინა საკუთარი არმიის ყველანაირი მოთხოვნა იარაღზე და ასევე, შეირაღების ხარისხი ყოფილიყო მეზობელი ქვეყნების არმიების შეიარაღებაზე ბევრად უპირატესი.

თუმცა, ამ დროისთვის, იარაღის წარმოების სტრატეგიაზე ქვეყანაში ორი განსხვავებული ხედვა არსებობს, რომელიც ისრაელის პრემიერ მინისტრებს, იცხაკ რაბინს და შიმონ პერესს ეკუთვნით. იცხაკ რაბინი თვლიდა, რომ ინდუსტრიულ კომპლექსს უნდა განევითარებინა განსაზღვრული სახეობის იარაღის წარმოება, რომელიც ისრაელის არმიას აშკარა უპირეტესობას მიანიჭებდა. ანუ ქვეყანა უნდა მიყოლოდა სპეციალიზირებულ წარმოებას, რომელიც შექმნიდა ისრაელისათვის დამახასიეთებელ უნიკალურ იარაღს და არა სხვა ქვეყნების იარაღის ასლს. ყველა სხვა საჭირო შეიარაღებას კი ქვეყანა საზღვარგარეთიდან შემოიტანდა. შიმონ პერესის აზრით კი ისრაელის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსს უნდა ეწარმოებინა ყველა სახეობის იარაღი ისრაელის არმიისათვის, რათა შეიარაღებულ ძალებს მთლიანად დაეკმაყოფილებინათ აღჭურვილობაზე მოთხოვნა.

ამ უკანასკნელ ხედვაზე დიდი გავლენა მოახდინა 1967 წლის ომმა, რომლის შედეგად ისრაელმა საკმაოდ ვრცელი არაბული ტერიტორიების ოკუპაცია შეძლო. საფრანგეთმა, რომელიც იმ დროს ისრაელისთვის სამხედრო პროდუქციის ერთ-ერთი უმთავრესი მიმწოდებელი იყო, თელ ავივს პირობა წაუყენა, რომ თუ არ დააბრუნებდა ოკუპირებულ ტერიტორიებს, ქვეყანას იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს დაუწესებდა. შედეგად, ისრაელის მთავრობამ გადაწყვიტა თვითონ დაეწყო ყველა სახის იარაღის წარმოება. ამის შემდგომ, მთავრობამ დიდძალი ფინანსური რესურსები გამოყო სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის ჩამოსაყალიბებლად, რაც მძიმე ტვირთად დააწვა ქვეყნის ეკონომიკას. მთავარი პრობლემა კი ის აღმოჩნდა, რომ ისრაელის მიერ წარმოებული შეიარაღება (ტანკები, სამხედრო ხომალდები და სხვა) არ პასუხობდა საერთაშორისო სტანდარტებს და ჩამორჩებოდა მეზობელი არაბული ქვეყნების შეიარაღებას, რომელთაც საბჭოთა კავშირი ამარაგებდა.

1973 წლის ომმა კიდევ ერთხელ შეცვალა ისრაელის მთავრობის ხედვა. ომმა აწ უკვე პრაქტიკაში აჩვენა, რომ ისრაელის არმიის შეიარაღება ხარისხობრივად ჩამორჩებოდა სირიის და ეგვიპტის არმიების შეიარაღებას. ამ მიზეზით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სწრაფად დაიწყო თელ ავივისთვის იარაღის მიწოდება, რამაც ფაქტიურად ისრაელი გადაარჩინა.

ომის შემდგომ, აშშ-მ გააგრძელა ისრაელისთვის იარაღის მიწოდება. ამასთანავე, ამერიკა მიიჩნევდა, რომ ისრაელის მიერ საკუთარი სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის განვითარება ძლიერ კონკურენტს შეუქმნიდა თავად ამერიკულ სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსს. შედეგად, აშშ-მ არ მისცა ისრაელს შესაბამისი სამხედრო ტექნოლოგიების განვითარების საშუალება. ამ ფაქტორმა საბოლოოდ ჩამოაყალიბა ისრაელის მთავრობის ხედვა უპირატესობა მიენიჭებინა ქვეყნის სამხედრო ინდუსტრიის სპეციალიზირებულ წარმოებაზე გადასვლისათვის. მითუმეტეს, რომ ამერიკის დახმარება უკვე ითვალისწინებდა ისრაელისთვის მნიშვნელოვანი შეიარაღების, მაგალითად, ანტისატანკო რაკეტების, მიწოდებას.

ასევე მოხდა ორივე ქვეყნის სამხედრო ტექნოლოგიების სინქრონიზაცია ერთ საბრძოლო სისტემაში. მაგალითად, ისრაელმა განავითარა ვერტმფრენის პილოტის ჩაფხუტი, რომელიც შერწყმულია ვერტმფრენის დამიზნების სისტემასთან, რაც ნიშნავს, რომ რა მიმართულებითაც არის მიმართული პილოტის მზერა, ვერტმფრენის ქვემეხიც იქით არის მიმართული. შესაბამისად, მხარე რომელსაც სურს შეიძინოს, მაგალითად, ამერიკული „აპაჩის“ ტიპის ვერტმფრენი, ასევე ვალდებული იქნება შეიძინოს პილოტის ჩაფხუტი ისრაელისგან.

ცივი ომის დასრულებამ და საბჭოთა კავშირის დაშლამ  ისრაელის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის შემცირება გამოიწვია, რადგან მტერი, რომელიც დიდი, კონვენციური არმიების სახით იყო წარმოდგენილი, აღარ არსებობდა. კონვენციური ომების შემცირების კვალობაზე ისრაელის სამხედრო წარმოება თანდათან გადაეწყო ანტიტერორისტული აღჭურვილობის წარმოებაზე. ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პრეზიდენტ ჯორ ბუშის მიერ ანტიტერორისტული გლობალური ომის გამოცხადებამ, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების შემდეგ.

ამასთანავე, ისრაელის სამხედრო ექსპორტში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა დემონსტრაციების და ხალხის დიდი მასების კონტროლის იარაღისა და აღჭურვილობის გაყიდვამ, რომელსაც ძირითადად ის ქვეყნები იძენენ, რომელთა მთავრობებიც მოსახლეობის სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების გადაჭრის ნაცვლად მათი პროტესტის ჩახშობით არიან დაკავებული. თუმცა, უნდა აღნიშნოს, რომ ამ კუთხით ექსპორტის წილი უკანასკნელ ხანებში შემცირდა, რადგან მთავრობებმა ზოგადად რეპრესიული პოლიტიკის უშედეგობა დაინახეს.

აი ასეთი გზა განვლო ისრაელის სამხედრო-ინდუსტრიულმა კომპლექსმა, რომელიც ტექნოლოგიური განვითარების და ეკონომიკური ეფექტურობის ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენს. ნიშანდობლივია, რომ ისტორიულად საქართველოს იარაღის წარმოების მრავალსაუკუნოვანი და მდიდარი ტრადიცია გააჩნდა. ცარისტული ოკუპაციის შემდეგ ეს ცოდნა მთლიანად გაქრა. ასე რომ ჩვენ თითქმის ნულიდან ვიწყებთ. ასეთ შემთხვევაში, სხვათა გამოცდილებიდან სწავლა ცუდი არ იქნებოდა. ისრაელი ამ მხრივ გამოცდილების მიღების საუკეთესო წყაროა.

©2021 ეროვნულ-რეფორმისტული ფორუმი. შესრულებულია inboundi-ს მიერ

შეგვეხმიანეთ

ამ მომენტში აქ არ ვართ, მაგრამ გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტა და უმალვე გიპასუხებთ.

იგზავნება

გაიარე ავტორიზაცია შენი მონაცემებით

დაგავიწყდათ თქვენი მონაცემები?