ვასილ რუხაძე, პოლიტიკურ მეცნიერებათ დოქტორი; პიტსბურგის უნივერსიტეტის (აშშ) წვეული ლექტორი

კორონავირუსის ანუ COVID-19-ის დღევანდელი გლობალური პანდემია ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი კრიზისია, არა მხოლოდ ჯანმრთელობის დაცვის, არამედ ზოგადად, სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების კუთხით. ეს არის კრიზისი, რომელთან გამკლავება უჭირს არათუ სუსტ და მატერიალურად ღარიბ საქართველოს, არამედ ისეთ ზესახელმწიფოებსაც კი როგორებიც არიან ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი.

საუბედუროდ, პანდემია საქართველოს და მსოფლიოს ისტორიაში არც პირველია და არც უკანასკნელი იქნება. თუმცა, როგორც ცნობილი ამერიკელი ქირურგი მაქსველ მალცი ამბობდა, ნებისმიერი სახის კრიზისი „არის შესაძლებლობა წახვიდე წინ ან დარჩე იქ სადაც ხარ.“ შესაბამისად, ჩვენმა საზოგადოებამ აუცილებელია სწორი დასკვნები გამოიტანოს მიმდინარე პანდემიისგან და მიიღოს ზომები, რომ მომავალში ქვეყანა უფრო კარგად მომზადებული შეხვდეს ნებისმიერი სახის გლობალურ თუ რეგიონულ კრიზისს.

პირველ რიგში რაც კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთხელ აჩვენა საქართველოს, გახლავთ ის თუ რა საოცრად არასტაბილურია ტურიზმის ინდუსტრია და რამდენად არასწორია ჩვენი ეროვნული ეკონომიკის სწორედ ტურიზმზე დამყარება. უკვე ათწლეულებია საქართველოს მთავრობებმა, როგორც „ქართული ოცნების“ ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ, ტურიზმი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ეკონომიკის გადარჩენის ლამის ერთადერთ საშუალებად გამოაცხადეს და ტურიზმის განვითარებაში ასეულობით მილიონი ლარის ინვესტიცია ჩადეს.

ამ პოლიტიკის საწინააღმდეგოდ ქართულ პრესაში და მედიაში არაერთხელ დამიწერია და მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ტურიზმის დარგი არის ეკონომიკის ყველაზე არასტაბილური დარგი, რომელიც ყველა მცირე თუ დიდ კრიზისზე ძალიან ნეგატიურად და სწრაფად რეაგირებს და მასზე დამოკიდებულ ადამიანებს, საზოგადოებებს და ქვეყნებს სრული მატერიალური გაღატაკებით ემუქრება. შესაბამისად, საქართველომ გეზი უნდა აიღოს სამრეწველო და მანუფაქტურული ინდუსტრიის განვითარებაზე, რომელიც უმძიმესი გლობალური კრიზისების ფონზეც კი ყველაზე გამძლე დარგები გახლავთ.  კორონავირუსის პანდემიამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა.

მეორე, მიმდინარე პანდემიამ კიდევ ერთხელ აჩვენა თუ რამდენად აუცილებლია, რომ საქართველოს გააჩნდეს ეროვნული წარმოების სასურსათო ინდუსტრია და განვითარებული სოფლის მეურნეობა. დღეისათვის, საქართველოში მოხმარებული სურსათის 85 პროცენტი საზღვარგარეთიდან არის შემოტანილი. ბოლო 30 წელია, სურსათის იმპორტის ბიზნესი საქართველოში მთლიანად რამდენიმე კლანის ხელშია, რომლებიც არათუ ყველაფერს  აკეთებენ, რომ იმპორტზე მონოპოლია შეინარჩუნონ, არამედ მიზანმიმართულად კლავენ ქართულ სოფლის მეურნეობას. კორონავირუსის პანდემიამ და მის მიერ გამოწვეულმა საერთაშორისო გადაზიდვების პრობლემებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ აუცილებელია ამ კლანების გავლენა დასრულდეს და საქართველო მხოლოდ საკუთარ, ეროვნული წარმოების სურსათზე იყოს დამოკიდებული. ვფიქრობ ნათელია, რომ ეს საკითხი ეროვნული უსაფრთხოების სფეროს წარმოადგენს და არა მხოლოდ ეკონომიკის.

ასევე აუცილებელია საქართველოს მთავრობამ შექმნას სურსათის, მედიკამენტების და ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების სტრატეგიული მარაგი, რათა ქვეყანა მომავალში მზად იყოს სულ ცოტა ერთ წლიანი და კიდევ უფრო ხანგრძლივი კრიზისთვის. დღეს არავის აქვს ზუსტი ინფორმაცია, რა რაოდენობის სურსათის მარაგს ფლობს საქართველო და რამდენი ხანი ეყოფა ის 4 მილიონ ადამიანს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც არავინ იცის მიმდინარე კრიზისის ხანგრძლივობა, მსოფლიოში დაწყებული ვაქცინაციის მიუხედავად.

ასევე გადაუდებელი ამოცანაა სარეზერვო ფინანსური ფონდის შექმნა. როგორც მოგვეხსენება, მიმდინარე პანდემიის და თანამდევი ხანგრძლივი კარანტინის შედეგად ათეულათასობით ქართველმა შემოსავლის ყოველგვარი წყარო დაკარგა. რაც უფრო  ხანგრძლივად დარჩება საქართველო და ქართული ეკონომიკა პარალიზებული, მით უფრო გაუარესდება ასეულათასობით ქართველის მატერიალური მდგომარეობა. ასეთი კრიზისის პირობებში დასავლეთის არაერთი ქვეყნის მთავრობამ თავის მოქალაქეებს პირდაპირი ფინანსური დახმარება გაუწია. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ მილიონობით მოქალაქეს რამდენჯერმე გამოუყო სხვადასხვა რაოდენობის ფინანსური დახმარება, ნაღდი ანგარიშსწორებით. მსგავსი დახმარებები, თუმცა გაცილებით მცირე მასშტაბით, საქართველოს მთავრობამაც გასცა, რაც რა თქმა, უნდა ზღვაში წვეთია ქვეყანაში არსებული  მატერიალური სიდუხჭირის ფონზე. მომავალში ფინანსური სარეზერვო ფონდის შექმნის გარეშე ამგვარი დახმარების გაწევა უბრალოდ შეუძლებელი იქნება. სამწუხაროდ, დღეს საქართველოს მილიარდობით დოლარის საგარეო ვალი აქვს, რომელიც ქვეყნის მთავრობებმა უკანასკნელი 30 წლის მანძილზე დააგროვეს. შესაბამისად, სარეზერვო ფონდის შექმნა ამ ეტაპზე მხოლოდ ოცნების სფეროს მიეკუთვნება. თუმცა, მის გარეშე ნებისმიერი სახის კრიზისის გადატანა წარმოუდგენელია.

ამასთანავე, ყოვლად აუცილებელია საქართველოში არსებული კვლევითი ლაბორატორიების ბაზაზე შეიქმნას ინფექციური დაავადებების შესწავლის და მართვის საერთო ეროვნული ცენტრი, რათა მომავალი პანდემიების შემთხვევაში ქვეყანა და საზოგადოება უფრო მეტად მომზადებული იყოს. შეუძლებელია, საქართველო სამ, ან თუნდაც 10-15 ექიმზე იყოს დამოკიდებული. ქვეყანა მუდმივად უნდა აწარმოებდეს კვლევებს სხვადასხვა სახის პანდემიებზე და ინფექციურ დაავადებებზე და რაც შეიძლება მეტი ცოდნა, ინფორმაცია და პრეპარატები ჰქონდეს მზად სხვადასხვა სახის ეპიდემიებთან საბრძოლველად.

და ბოლოს, კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ჩვენში არსებული დემოგრაფიული კრიზისის მწვავე საკითხი.  უკანასკნელი 30 წლის მანძილზე საქართველოს მოსახლეობა თითქმის 1.5 მილიონი ადამიანით, 5.5 მილიონიდან 4 მილიონამდე, შემცირდა. მოგვეხსენება, არავის ისეთი სიმძაფრით არ ემუქრება მომაკვდინებელი გლობალური პანდემია როგორც მცირერიცხოვანი ერების ფიზიკურ არსებობას. ამიტომ, გვახსოვდეს ქართული დემოგრაფიული კრიზისი, რომელიც უკვე დიდი ხანია საჭირო ზომების გატარებას ითხოვს.

ასე რომ, მიმდინარე კრიზისი ჩვენი, როგორც საზოგადოების კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ მისგან კიდევ უფრო ძლიერები გამოვიდეთ. ეს პანდემია აუცილებლად გადაივლის. მთავარია, ჩვენ რას ვისწავლით მისგან?

©2021 ეროვნულ-რეფორმისტული ფორუმი. შესრულებულია inboundi-ს მიერ

შეგვეხმიანეთ

ამ მომენტში აქ არ ვართ, მაგრამ გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტა და უმალვე გიპასუხებთ.

იგზავნება

გაიარე ავტორიზაცია შენი მონაცემებით

დაგავიწყდათ თქვენი მონაცემები?