გიორგი ლაბაძე, სამართალმცოდნე

თუკი უკანასკნელ ხანებში ქუჩის კარგად ორგანიზებული, ცივილიზებული პროტესტი საქართველოში პოლიტიკური ამინდის შესაცვლელად იშვიათი მოვლენა გახდა, ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი საქართველოდან მოსახლეობის მასიური მიგრაცია გახლავთ. შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რათა ქვეყნიდან სამსახურის მაძიებელთა კიდევ ერთი ახალი ნაკადი გავიდეს. ამის კარგი მაგალითია დასაქმების ვიზების გაცემა გერმანიის, პოლონეთის, საბერძნეთის და ისრაელის მიმართულებებით, სადაც უკვე ათასობით ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს და მუშაობს.

ხელისუფლების ამ ერთი შეხედვით უწყინარი პოლიტიკის უკან, სინამდვილეში კარგად გათვლილი პოლიტიკური და ეკონომიკური მანიპულაცია იმალება: პირველი, მასიური მიგრაციით ხელისუფლება თავიდან იშორებს შრომისათვის აქტიურ მოქალაქეებს და რაც მთავარია, ახდენს ამ მოქალაქეების ჩამოშორებას აქტიური პოლიტიკური პროცესისგან. მეორე, ხელისუფლება ახდენს უშუალოდ ახალგაზრდების, როგორც საზოგადოების ყველაზე ენერგიული ნაწილის, პოლიტიკური ბრძოლის ველისგან ნეიტრალიზებას. მესამე, მუდმივად კრიზისული ეროვნული ეკონომიკის პირობებში ხელისუფლება ცდილობს ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებას უცხოური ვალუტის მეშვეობით, რომელსაც ემიგრანტები საქართველოში საკუთარი ოჯახების დასახმარებლად აგზავნიან.

ყოველივე ზემოთ აღნიშნული, სწორედ ქვეყანაში მეტ-ნაკლები პოლიტიკური სტაბილურობისა და ძალაუფლების შენარჩუნების მიზანს ემსახურება. და თუ ამ ჩამონათვალს დავუმატებთ საზოგადოების იმ ნაწილსაც, რომლის ყოველდღიურ მატერიალურ არსებობას ქართველი ემიგრანტები უზრუნველყოფენ მივიღებთ მოცემულობას, სადაც მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის ორგანიზება უკვე საკმაოდ რთული და იშვიათი ხდება.

უნდა ითქვას, რომ 2020 წლის ოფიციალური სტატისტიკით საქართველოში 1.885 მილიარდი ამერიკული დოლარის ოდენობის ფულადი გზავნილი შემოვიდა, მაშინ როდესაც ამავე წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციის რაოდენობამ სულ რაღაც 617 მილიონი ამერიკული დოლარი, ანუ სამჯერ ნაკლები შეადგინა. აღნიშნული სტატისტიკა სტაგნაციური ეკონომიკური მდგომარეობის კარგი გამოვლინებაა. ის ასევე აჩვენებს, თუ რაოდენ დიდ როლს თამაშობს ქართული ემიგრაცია ქართული ეკონომიკის და ზოგადად, საქართველოს როგორც სახელწიფოს შენარჩუნებაში.

საემიგრაციო საკითხების ილუსტრაციისათვის კარგ მაგალითს წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მექსიკას შორის არსებული ურთიერთობა. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, მექსიკის მმართველი ელიტები ხშირად ახალისებდნენ მიგრაციას შეერთებული შტატების მიმართულებით, რომლის შედეგიც გახლავთ დონალდ ტრამპის მიერ აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის პროექტის ინიციატივა და მისი ნაწილობრივი განხორციელება. ეს წახალისება თითქმის მსგავსი მოტივითაა გამოწვეული და გულისხმობს როგორც პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებას მექსიკაში, ასევე, მექსიკის ეკონომიკური გარემოს გაჯანსაღებას ამერიკული დოლარის მეშვეობით.

ბიძინა ივანიშვილის მიერ 2019 წლის ნოემბერში გაკეთებული განცხადება, სადაც ის პირდაპირ მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას დასაქმება საზღვარგარეთ ეძიონ, ნათლად მოწმობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნიდან მოსახლეობის მიგრაციას საზოგადოების პოლიტიკური ნეიტრალიზაციისათვის ხელსაყრელ მეთოდად მიიჩნევს. ნიშანდობლივია, რომ ეს მეთოდი ხელისუფლებისთვის საკმაოდ ეფექტურად მუშაობს: დღეისათვის, საქართველოდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გასულია მილიონზე მეტი ადამიანი, მარგინალიზირებულია პოლიტიკური პროტესტი და უკიდურესად გართულებულია საზოგადოების კონსოლიდაცია არაიდეოლოგიური საკითხების გარშემოც კი. ზოგადი ქართული კრიზისის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი ის გახლავთ, რომ დღეისათვის, თითოეული ნიჭიერი და პერსპექტიული ქართველი ახალგაზრდის უმთავრესი მიზანი საქართველოს ფარგლებს გარეთ სამუდამოდ გასვლაა, რაც როგორც ზემოთაც აღვნიშნე, მმართველი ელიტების წისქვილზე ასხამს წყალს.

შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ამჟამინდელ პოლიტიკურ ელიტებს საკმაოდ დიდი ხნით აქვთ გახანგრძლივებული საქართველოში პოლიტიკური უსაფრთხოება, პირადი კეთილდღეობა და სახელმწიფო ქონების შეუფერხებლად განკარგვა-განაწილება. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი სწორედ საქართვველოდან  მოსახლეობის მიგრაციის უწყვეტი ნაკადია, რომელიც ქართულ ეროვნულ ტრაგედიად იქცა.

©2021 ეროვნულ-რეფორმისტული ფორუმი. შესრულებულია inboundi-ს მიერ

შეგვეხმიანეთ

ამ მომენტში აქ არ ვართ, მაგრამ გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტა და უმალვე გიპასუხებთ.

იგზავნება

გაიარე ავტორიზაცია შენი მონაცემებით

დაგავიწყდათ თქვენი მონაცემები?