გიორგი ლაბაძე, სამართალმცოდნე

დიდი ხანია, ცივილიზებული სამყარო მმართველობას წარმომადგენლობითი დემოკრატიის მეშვეობით ახორციელებს, სადაც ხალხის ნების გამოხატვა პოლიტიკოსების მეშვეობით ხორციელდება. მართალია, ბოლო პერიოდში, სოციალურმა ქსელებმა ინდივიდს ერთგვარად ხმა აუმაღლა და თვითგამოხატვის მეტი საშუალება მისცა, მაგრამ ამას არსებითი გავლენა მმართველობის სისტემებზე ჯერჯერობით არ მოუხდენია.

თუმცა, ქართველი ხალხის ნების უზენაესობა ერთგვარად საეჭვოა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მას შემდეგ, რაც პოლიტიკურმა პარტიამ „ქართული ოცნება“ ტრადიციულად, კიდევ ერთხელ დაარღვია ქართველი ხალხის, პოლიტიკური ოპოზიციისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე დადებული შეთანხმება და 19 აპრილის ხელშეკრულება გაუქმებულად გამოაცხადა, ქართული პოლიტიკური და მედია ელიტა მოლოდინშია, თუ რა პასუხს გასცემენ მმართველ პარტიას ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები.

ცხადზე ცხადია, დასავლური სამყაროს მონაწილეობა ქართული სახელმწიფოს წინსვლის მიმართულებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, კიდევ უფრო მაღალი ხმა გვჭირდება ვაშინგტონიდან თუ ევროპული დედაქალაქებიდან. თუმცა, ასეთმა რეაქციებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ქართული პოლიტიკა აბსოლუტურად დაშორებულია ქართველი ხალხისგან, ხოლო პოლიტიკოსებს ნაკლებად ესმით, თუ ვისი მეშვეობითა და ნებით იმყოფებიან ძალაუფლებაში.

უნდა ითქვას, რომ თავად დასავლელ პოლიტიკოსებს არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ მათი მრავალმხრივი დახმარების მიუხედავად, პოლიტიკის ბედი ქვეყანაში ქართველი ხალხის გადასაწყვეტია და ისინი ქვეყნის შიდა საქმეების მიმართ მიკერძოებულნი ვერ იქნებიან. გარდა ამისა, ჩვენ ნამდვილად გვახსენდება შეერთებული შტატებისა თუ ევროკავშირის კრიტიკა როგორც ახლანდელი, ასევე წინა მმართველი პარტიის მიმართ. შესაბამისად, მათგან მიკერძოებაზე საუბარი, რასაც უკვე არაერთხელ ჰქონდა ადგილი საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან, რბილად რომ ვთქვათ, მიზანშეუწონელი და მცდარია.

გავიხსენოთ ქართული ოპოზიციისა და მედია მენეჯერების მხრიდან საქართველოს დასუსტებული გეოპოლიტიკური მდგომარეობის გადაბრალება ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ. უნდა ითქვას, რომ რამდენადაც დონალდ ტრამპი ნამდვილად გახლდათ არაკონვენციური ფიგურა თუ ლიდერი, მისი, როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართ კრიტიკა ერთგვარ პოლიტიკურ მოდად იქცა საქართველოში. შესაბამისად, ამერიკის წინა ადმინისტრაციის განტევების ვაცად გამოცხადებაც, ერთგვარი სასწრაფო დახმარება გამოდგა მედია პოპულარულობის მოპოვებისა თუ საკუთარი სისუსტის გადაფარვისთვის. შორს წაგვიყვანს იმაზე საუბარიც, თუ რამდენად დიდი შესაძლებლობები მისცა სწორედ წინა ადმინისტრაციამ როგორც საქართველოს, ასევე ხელისუფლებასა და მის ოპონენტებს. თუმცა, ძირითადად, ამაოდ.

აღსანიშნავია, რომ ამერიკულ პოლიტიკაში კონვენციური პოლიტიკოსების მმართველობაში დაბრუნების შემდეგაც, საქართველოს პოლიტიკური ელიტები კვლავ ძირითადად დასავლეთის იმედად რჩებიან. მაგრამ ერთი განსხვავებით – კარიერული პოლიტიკოსებისა და გავლენიანი ფიგურების მიმართ იმავე დოზის კრიტიკას ცხადია, ვეღარავინ ბედავს.

ამდენად, იმის გარდა, რომ ქართულმა პოლიტიკურმა ელიტებმა ნამდვილად ვერ გააძლიერეს და შეიძლება ითქვას დაკარგეს კიდეც გარკვეული მხარდაჭერა დასავლეთის მხრიდან, ისინი ასევე ნაბიჯ-ნაბიჯ, თანმიმდევრულად თმობენ ქართველი ხალხის მანდატსა და ნდობას. ყოველივე ეს კი, გრძელვადიან პერსპექტივაში მხოლოდ პოლიტიკური პოლარიზაციისა და არასტაბილურობის გარანტიაა. ასეთი ქვეყნები კი, როგორც ვიცით, დემოკრატიული სამყაროსთვისაც კარგავენ მნიშვნელობასა და ინტერესს.

ყოველივე ამის შედეგად, თავად ქართველ ხალხში მატულობს ნიჰილიზმი და აპათია, რაც ალბათ გასაგებიცაა, რადგან რთულია, როდესაც ყველა, ვინც მათი ხმების მეშვეობით ძალაუფლებასა და პრივილეგიას იღებს, არაფერს ეკითხებოდეს თავად მათ, ძალაუფლების წყაროს. ქართველმა პოლიტიკოსებმა აუცილებლად უნდა ისწავლონ, რომ აზრი პირველ რიგში თავად ქართველ ხალხს ჰკითხონ და თავის საქმიანობაში სწორედ ქართველ ხალხს დაეყრდნონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი კიდევ უფრო მოწყდებიან ქართველ საზოგადოებას და შესაბამისად, მათსა და ხალხს შორის უფსკრული კიდევ უფრო გაიზრდება.

 

©2021 ეროვნულ-რეფორმისტული ფორუმი. შესრულებულია inboundi-ს მიერ

შეგვეხმიანეთ

ამ მომენტში აქ არ ვართ, მაგრამ გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტა და უმალვე გიპასუხებთ.

იგზავნება

გაიარე ავტორიზაცია შენი მონაცემებით

დაგავიწყდათ თქვენი მონაცემები?