ლევან ფურცელაძე, ეკონომისტი

ძნელია მოიძებნოს ქართველი, რომელიც საკუთარი ქვეყნის განვითარებას და კონკრეტულად, ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას ეწინააღმდეგებოდეს. საქართველოს მსგავს ღარიბ ქვეყანაში ყველა ადამიანს კარგად ესმის ეკონომიკური განვითარების და მათ შორის, ენერგეტიკული დამოუკიდებლობის სასიცოხლო მნიშვნელობის. უპირველეს ყოვლისა, ეს ნათლად ესმის მუდმივი ეკონომიკური კრიზისის პირობებში მცხოვრებ რიონის ხეობის მოსახლეობას, სადაც საქართველოს მთავრობა თურქ ინვესტორებთან ერთად ნამახვანჰესის მშენებლობას გეგმავს. ეკონომიკური პრიორიტეტების მიუხედავად, ნებისმიერი სახის სახელმწიფო თუ არასახელმწიფო პოლიტიკას აქვს ამ პოლიტიკის გატარების სისტემა და წესი, რომელთა უგულებელყოფა უარყოფით პარადოქსებს ქმნის და შესაბამისად, საზოგადოების დესტაბილიზაციას იწვევს.

ნამახვანჰესის ირგვლივ შექმნილი სიტუაციის ერთ-ერთი ყველაზე გამაოგნებელი პარადოქსი ის გახლავთ, რომ საქართველოს დღევანდელ მთავრობას აზრადაც არ მოსვლია რიონის ხეობის ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეკითხა, ეთანხმებოდა თუ არა ნამახვანის გიგანტური ჰესის მშენებლობას. პოლიტიკურ პრაქტიკაში საკმაოდ გავრცელებულია რეგიონული პლებისციტის ჩატარების ტრადიცია, როდესაც ამა თუ იმ უმნიშვნელოვანეს საკითხზე მთავრობა აზრს ადგილობრივ მოსახლეობას ეკითხება და საზოგადოების თანხმობის ან უარის მიხედვით მოქმედებს. ის აზრი, რომ ქვეყნის საერთო ეკონომიკური სტრატეგიის განსაზღვრა მხოლოდ ერთი რეგიონის მოსახლეობის პრეროგატივა არ უნდა იყოს, ამ შემთხვევაში ყალბია და კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან ნამახვანჰესი უბრალო ჰესი არ გახლავთ. ეს არის გიგანტური ჰესი, რომელიც რიონის ხეობაში მცხოვრებ ათეულათასობით ადამიანის ცხოვრების წესზე ფუნდამენტალურ გავლენას მოახდენს და მთლიანობაში მათ საბოლოო დისლოკაციას გამოიწვევს. შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობა ნამდვილად იმსახურებდა, რომ მთავრობას მათთვის აზრი ეკითხა და ჰესის მშენებლობა მათი აზრის მიხედვით გადაეწყვიტა.

მეორე პარადოქსი ის გახლავთ, რომ საქართველოს მთავრობამ მთლიანად უგულებელყო წლების მანძილზე ჩატარებული არაერთი სამეცნიერო-ეკოლოგიური კვლევა, რომლებიც ნათლად აჩვენებენ თუ რა გამანადგურებელი შედეგები შეიძლება მოუტანოს ნამახვანჰესმა რიონის ხეობის უნიკალურ ფლორას და ფაუნას, რაც თავისთავად უდიდეს საფრთხეს შეუქმნის ათეულ ათასობით ადამიანის  უსაფრთხოებას და ცხოვრების წესს. ეს არ გახლავთ ვარაუდი. ეს არის კონკრეტულ სამეცნიერო ფაქტებზე დამყარებული დასკვნა, რომელთა უგულებელყოფა არალოგიკური და არარაციონალურია. ის ჰიპოთეზა, რომ საქართველოს მსგავს მცირემიწიან, მაღალმთიან და სეისმურად აქტიურ ქვეყნებს, როგორიც არის მაგალითად, შვეიცარია, ჰიდროელექტროსადგურების ვრცელი ქსელი აქვთ და შესაბამისად, იგივე ჩვენთანაც შესაძლებელი და დასაშვებია, ასევე ყალბია და სრულიად მოწყვეტილია საქართველოს არაერთ დიდ თუ მცირე რეალობას. ნამახვანჰესის მშენებლობის მომხრეები ამ რეალობებს მიზანმიმართულად თუ უცოდინრობით უბრალოდ გვერდს უვლიან.

პირადად მე მთლიანად ვიზიარებ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ყველა ძირითად პრინციპს და საქართველოს ეკონომიკურ მოდერნიზაციას ამ პრინციპების მიხედვით. მაგრამ მე ასევე ვთვლი, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და მოდერნიზაცია განადგურებით არ უნდა ემუქრებოდეს ათეულათასობით ადამიანის ცხოვრების წესს, სახლ-კარს და ქვეყნის  უნიკალურ ფლორას და ფაუნას, რომლის გადარჩენა შეუძლებელი იქნება და სამუდამოდ დაიკარგება მომავალი თაობებისთვის. ამგვარ მცდარ პოლიტიკას ათწლეულების განმავლობაში მისდევდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ულტრამემარცხენე და ულტრამემარჯვენე იდეოლოგიების მატარებელი რეჟიმები, რომლებიც ეკონომიკური და სოციალური პროგრესის სახელით წირავდნენ ათასობით და ხშირად მილიონობით ადამიანის ცხოვრების წესსა და სიცოცხლეს და ამასთანავე, სამუდამოდ ანადგურებდნენ უნიკალურ ეკოსისტემებს. პროგრესი არ ნიშნავს ადამიანების ცხოვრების დანგრევას. პროგრესი ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას უნდა ემსახურებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის მავნებლობად იქცევა.

საკვირველია, რომ მსოფლიოში მიმდინარე ტექნოლოგიური რევოლუციების ფონზე, საქართველოს არც ახლანდელ და არც წინა მთავრობას საფუძვლიანად არასოდეს  შეუსწავლია წყლის ენერგიის გამოყენების ალტერნატიული საშუალებები, როგორიც არის მაგალითად, მდინარეებზე მცირე გრავიტაციული ვორტექსის წყლის ტურბინების დამონტაჟების პრაქტიკა, რომელიც არც ეკოლოგიურ საფრთხეს ქმნის, არც მოსახლეობის მასიური დისლოკაციით იმუქრება და ასევე, ეკონომიკურად იაფ და მაღალპროდუქტიულ ჰიდროენერგიას გამოიმუშავებს. ამგვარ გრავიტაციულ ტურბინებს აქვთ იმის სრული პოტენცია, რომ საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის საფუძვლად იქცნენ, რომ აღარაფერი ვთქვათ მზისა და ქარის განახლებადი ენერგიის გამოყენების შესაძლებლობაზე, რომელიც ასევე უხვად არის საქართველოში.

ნამახვანჰესის პარადოქსები მხოლოდ ზემოთ თქმულით არ შემოიფარგლება და პოლიტიკურ სფეროშიც გადადის. კერძოდ, ნამახვანჰესის მშენებლობით გამოწვეულმა მასიურმა საზოგადოებრივმა პროტესტმა და ქუჩის მასშტაბურმა გამოსვლებმა ნათლად აჩვენა, რომ ქართველი საზოგადოების პოლიტიკური აპათიის მითი მხოლოდ ხელმოცარული ქართული ოპოზიციის მიერ შექმნილი მითია და მეტი არაფერი. სინამდვილეში, როდესაც ქართველი საზოგადოება საფრთხეს ხედავს, ის იბრძვის და ქუჩაში მასიურად გადის, ოღონდ რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში თუ დისკრედიტირებული ოპოზიციური პარტიები პროტესტის მანიპულირებას არ შეეცდებიან. რასაც ოპოზიცია პოლიტიკურ აპათიას უწოდებს, სინამდვილეში ქართველი ხალხის მიერ კორუმპირებული პოლიტიკური კლასისადმი სრული უნდობლობაა. ისევ და ისევ, ამის ნათელი მაგალითია ქუთაისის ქუჩებში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამოსული ათეულათასობით ადამიანი, მაშინ როდესაც თბილისის ქუჩებში ოპოზიცია ამაოდ ცდილობს ხალხის მობილიზებას საკუთარი პოლიტიკური მიზნების ირგვლივ.

ასევე გამაოგნებელია ოპოზიციური პარტიების გაუცხოვების მასშტაბი ქართველი ხალხისგან. ოპოზიცია, რომელიც თითქოს ხალხის საკეთილდღეოდ იბრძვის, სინამდვილეში სრულიად მოწყვეტილია ქართველი ხალხისგან და მისი რეალური პრობლემებისგან. მაგალითად, პირველი განცხადება, რომელიც ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა და შემდეგ ფესვდოლიბერალურმა მედიამ ნამახვანჰესთან დაკავშირებით გააკეთეს, გახლდათ ის რომ მათ საპროტესტო აქციის მონაწილეები უმალ ქსენოფობიაში დაადანაშაულეს. საუბედუროდ, ქართველი ხალხის ქსენოფობიაში დადანაშაულება ერთ-ერთი რამ არის რაც საქართველოს ოპოზიციურ პარტიებსა და ფსევდოლიბერალურ მედიას არასოდეს აგვიანდებათ. არცერთ ოპოზიციურ პარტიას თავი არ შეუწუხებია, რომ საფუძვლიანად შეესწავლა ნამახვანჰესის პრობლემა, მოესმინა ხალხისთვის და გაერკვია, რა აწუხებთ სინამდვილეში იმ ადამიანებს, რომლებიც ასეთი თავგანწირვით იბრძვიან ამ ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ.

ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამოწვეული მასიური პროტესტი ჩვენი საზოგადოების კიდევ ერთი ლაკმუს ტესტია, ტესტი რომლისგანაც მთავრობამაც, ოპოზიციამაც და ჩვენ, საზოგადოებამაც, ბევრი რამ შეიძლება ვისწავლოთ. საზოგადოებრივი კრიზისის მიერ გამოწვეული პარადოქსები ყოველთვის საუკეთესო გაკვეთილებს იძლევიან. მთავარია, ჩვენ მათგან სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. ეს სტატიაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

©2021 ეროვნულ-რეფორმისტული ფორუმი. შესრულებულია inboundi-ს მიერ

შეგვეხმიანეთ

ამ მომენტში აქ არ ვართ, მაგრამ გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტა და უმალვე გიპასუხებთ.

იგზავნება

გაიარე ავტორიზაცია შენი მონაცემებით

დაგავიწყდათ თქვენი მონაცემები?