ნინო ჩანადირი, პოლიტოლოგი

*წინამდებარე სტატია წარმოადგენს ეროვნულ-რეფორმისტული საზოგადოების 2021 წლის პოლიტოლოგიის სამეცნიერო კონკურსში პირველ საპრიზო ადგილზე გასული ნაშრომის მცირედ მოდიფიცირებულ ვერსიას.

 

უკანასკნელი წლების განმავლობაში, საქართველოში უკვე აღარავის უკვირს, რომ საზოგადოებრივი აზრის ნებისმიერ გამოკითხვაში, მოსახლეობის უმრავლესობა პასუხობს, რომ არ ენდობა არცერთ პოლიტიკურ პარტიას და არ იცის ვის დაუჭერს მხარს არჩევნებზე. მაგალითისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ 2021 წლის თებერვალში ჩატარებულ კვლევაში, კითხვაზე, „არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს ხმას რომელ პარტიას მისცემდით?“ გამოკითხულთა 15 პროცენტის პასუხი იყო „არ ვიცი,“ ხოლო 45 პროცენტის „პასუხი არ მაქვს.“ იგივე თვეში, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში 40 პროცენტი აცხადებდა, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არ იდგა არცერთი პარტია.

ფრაზა „გლეხი კაცისთვის მაინც არავინაა,“ რომელსაც საზოგადოებამ ყური უკვე მიაჩვია, სწორედ ამ უნდობლობის მარტივ გამოხატულებად უნდა მივიჩნიოთ. ამას თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ საზოგადოების ნდობის ეროზია პოლიტიკური კლასის მიმართ. ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა, იმდენად რამდენადაც ის არის პოლიტიკური ნიჰილიზმისა და უიმედობის წყარო, რომელიც ამცირებს საზოგადოების ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებში. პოლიტიკაში საზოგადოების ჩართულობის გარეშე კი დემოკრატია ძნელად წარმოსადგენია.

შესაბამისად, ნდობის დაბალი მაჩვენებელი გავლენას ახდენს ერთი მხრივ, ამომრჩევლის მონაწილეობაზე არჩევნებში, ხოლო მეორე მხრივ მათ ჩართულობაზე პარტიულ პოლიტიკაში. აღნიშნული ტენდენცია მნიშვნელოვანი საფრთხეა საქართველოს მსგავს მყიფე დემოკრატიის მქონე ქვეყნებში. ამიტომაც, მნიშვნელოვანია გამოინახოს გზები, რომლებიც პოლიტიკური პარტიებისადმი ნდობას გაზრდიან. მოცემული სტატიის მიზანია განიხილოს შიდაპარტიული დემოკრატიული პროცესების გაძლიერების შესაძლებლობა, როგორც გზა საზოგადოებრივი ნდობის გაზრდისათვის. ქვემოთ მიმოხილულია შიდაპარტიული დემოკრატიის ზოგიერთი ელემენტი და მათი გაუმჯობესების გზები.

 

რიგითი წევრების გაზრდილი ჩართულობა და გამჭვირვალობა

ამომრჩეველში ნდობის დაკარგვის მნიშვნელოვანი მიზეზია პარტიებში შიდა პროცესების გაუმჭვირვალობა. ის მცირე რაოდენობის კვლევები, რომლებიც ამ თემაზე ჩატარებულა, ცხადყოფენ, რომ ამ მიმართულებით საქართველოში სერიოზული პრობლემებია. უმეტესად, პარტიების რიგითი წარმომადგენლებისთვის უცნობია როგორ ხდება პარტიაში გადაწყვეტილებების მიღება. ასევე, საარჩევნო სიების შედგენის პროცესები დახურულია და ადგილი აქვს კულუარულ გადაწყვეტილებებს. ეს პრობლემა მიანიშნებს პარტიების შიდა საქმიანობის გაუმჭვირვალობაზე, რაც აზიანებს საზოგადოების ნდობას.

იმისთვის, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი ამომრჩევლისთვის პრივილეგირებულთა კასტის ხელში კონცენტრირებულად აღარ აღიქმებოდეს, საჭიროა პარტიის რიგითი წევრების ჩართულობის ზრდა მნიშვნელოვან პროცესებში. მაგალითისათვის, საარჩევნო სიის ფორმირების პროცესზე ხშირია პარტიების მმართველი ორგანოების წარმომადგენლების გავლენა, რომლებიც როგორც წესი, წლების განმავლობაში გაბატონებული პოზიციებით სარგებლობენ. ამ მონოპოლიის შემცირება და შერჩევის პროცესში რიგითი წევრების ჩართულობის ზრდა ჯანსაღი მოტივების ზრდის საფუძველი შეიძლება გახდეს. მაგალითისთვის, პარტიის ადგილობრივ, რეგიონულ ორგანიზაციებს შეუძლიათ მოახდინონ კანდიდატების ნომინაცია. შესაძლებელია შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის წარდგენილი კანდიდატების ბიოგრაფიებს, გაესაუბრება მათ და საბოლოოდ პარტიის ყრილობაზე წარადგენს სიას, რომელსაც ყრილობა განსაზღვრული წესებით დაამტკიცებს. ზოგადად, პარტიების რეგიონული ორგანიზაციების და სხვადასხვა სტრუქტურების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ხელს შეუწყობს პარტიული ცენტრის და ფილიალების ჯანსაღ ურთიერთდამოკიდებულებას და ინსტიტუციონალიზაციის პროცესს.

ასევე, როდესაც საზოგადოება იღებს ინფორმაციას პარტიებში წამყვან პოზიციებზე საკადრო ცვლილებების შესახებ, არავინ იცის რა მიზეზით ან რა დამსახურების მიხედვით ანაცვლებენ ერთმანეთს კადრები. მუდმივადაა განცდა, რომ მსგავს გადაწყვეტილებებს ერთი მცირე ჯგუფი ან კონკრეტულად ერთი ადამიანი იღებს, ვისაც პარტიაზე დიდი გავლენა აქვს. ეს კიდევ უფრო პრობლემურია თუ საქმე მმართველ პარტიას ეხება, რადგან მსგავსი გაუმჭვირვალე პრაქტიკა ვრცელდება სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობებზე ინდივიდთა შერჩევისას. საჭიროა მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღებოდეს ღიად, ხდებოდეს კანდიდატების ნომინირება, შიდაპარტიული კენჭისყრა და საჯაროვდებოდეს სხდომების ოქმები, განსაკუთრებით მაშინ თუ საქმე ეხება სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობებს.

 

ახალი ლიდერები

რიგითი წევრების ჩართულობის ზრდამ პარტიაში ახალი ლიდერების გამოკვეთას შეიძლება შეუწყოს ხელი, რაც ასევე პოზიტიური მოვლენა იქნება საზოგადოების ნდობის ზრდის თვალსაზრისით. პარტიების მიმართ უნდობლობას ხშირად სწორედ ძველი, უცვლელი ლიდერების პოლიტიკური წარსულიც იწვევს. პარტიებში „ქვემოდან ზემოთ“ მართვის პრინციპების დანერგვით კი შესაძლებელია ხელი შეეწყოს ახალი სახეების დაწინაურებას პოლიტიკურ ასპარეზზე. დღეისათვის, პარტიის რიგითი წევრების ჩართულობა პარტიულ საქმიანობაში მხოლოდ ტექნიკური დავალებების შესრულებით გამოიხატება და არ მოიცავს გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მონაწილეობას. როდესაც პარტიაში გაწევრიანების შემდეგ, ადამიანებს არ აქვთ დაწინაურებისა და საკუთარი პოტენციალის გამოვლენის საშუალება, ეს ამცირებს პარტიებში ახალი, მოტივირებული ადამიანების გაწევრიანების სურვილს. მართალია, პარტიების მმართველ ელიტებს ახალი სახეები შესაძლოა საკუთარი პოზიციებისადმი საფრთხედ მიაჩნდეთ, მაგრამ პარტიების ჯანსაღი ფუქციონირებისთვის საჭიროა ახალგაზრდა კადრების მოზიდვა და მომზადება პოლიტიკური ცხოვრებისთვის. პოზიტიური გავლენა იქნება, თუ პარტიები ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრებს ხშირად ჩაუტარებენ ტრეინინგებს პოლიტიკურ მეცნიერებებში თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გასაუმჯობესებლად. ახალგაზრდებს, რომლებსაც აღმოაჩნდებათ პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვის სურვილი, უნარები და ამასთანავე სიახლეებთან დაკავშირებული ხედვები, საშუალება უნდა ეძლეოდეთ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ფორმატის სატელევიზიო გადაცემებში, რათა ისინი საზოგადოებამ გაიცნოს. პარტიებში ახალი ლიდერების გამოჩენა საზოგადოების ნეგატიურ აღქმას, რომ „30 წელი ერთი და იგივე სახეებს ვუყურებთ,“ თანდათან გააბათილებს.

 

პროგნოზირებადობის ზრდა

საქართველოში პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის ნაკლებობის კიდევ ერთი მიზეზია ის ფაქტი, რომ საზოგადოებას არ სჯერა პარტიების კომპეტენციის მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაჭრელად. ამასთანავე, მიაჩნიათ, რომ ისინი არა ხალხის, არამედ საკუთარი ინტერესებისთვის იბრძვიან. უსაფუძვლო არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არარეალური დაპირებები და შემდგომ მათი შეუსრულებლობაა, რომლებსაც პარტიები წინასაარჩევნოდ უხვად გასცემენ. ნათელი მაგალითი 2012 წლის შემდგომი პერიოდი იყო, როდესაც ხელისუფლებაში მოსული პარტიის მიერ გაცემული მიმზიდველი დაპირებების დიდი ნაწილი ვერ და არ შესრულდა. ბუნებრივია, მსგავსი მოვლენები მოსახლეობაში პარტიების მიმართ ნდობის დაკარგვის მიზეზი ხდება. პარტიებმა უნდა გააცნობიერონ არარეალური დაპირებების დესტრუქციული პოტენციალი. დაპირებები, რომლებიც ვერ და არ სრულდება ამომრჩევლისთვის პარტიას უკარგავს პროგნოზირებად სახეს. მათთვის მნიშვნელოვანია პარტიის პროგნოზირებადობა და იმის ცოდნა, თუ კონკრეტულად რა გზით აპირებს პარტია გადაჭრას ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანი ესა თუ ის პრობლემა.

 

ამომრჩეველთან კომუნიკაცია

საქართველოში ხშირად გაიგებთ, რომ პოლიტიკოსებს ხალხი მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდებათ და რომ მოსახლეობის პრობლემების მოსასმენად მხოლოდ მაშინ მიდიან, როდესაც მათი ხმები სჭირდებათ. ასეთი აღქმის არსებობის პირობებში ბუნებრივია, რომ საზოგადოებას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების არ სჯერა და თვლის, რომ თუ ისინი მათთან კავშირს ამყარებენ, ამას პოლიტიკური გამორჩენის სანაცვლოდ სჩადიან. მნიშვნელოვანია, რომ პარტიების კომუნიკაცია ამომრჩეველთან არა მხოლოდ წინასაარჩევნოდ, არამედ არჩევნებს შორის პერიოდშიც აქტიური იყოს. ტექნოლოგიური პროგრესი იძლევა შესაძლებლობას პარტიებს სხვადასხვა საკითხების ირგვლივ ესმოდეთ საკუთარი ამომრჩევლის ხმა და შესაბამისად რეაგირებდნენ. ისინი მუდმივად უნდა ავრცელებდნენ ინფორმაციას საკუთარი აქტივობების შესახებ. მნიშვნელოვანია პერიოდული კვლევების ჩატარება, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ აფასებს ამომრჩეველი პარტიების საქმიანობას, რათა პარტიებმა მოახდინონ ერთგვარი თვითშეფასება. ეს გააჩენს განცდას, რომ პარტია იზოლირებული არ არის საზოგადოებისგან და ესმის ამომრჩევლის ხმა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ამომრჩეველს გარკვევით მიაწოდონ საკუთარი ხედვები და გეგმები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, რითაც ამომრჩეველი გაიგებს, შეადარებს და გაანალიზებს მისთვის ახლობელი პარტიის ხედვებს. ამის კარგი საშუალებაა სატელევიზიო გადაცემებსა და დებატებში მონაწილეობა, რასაც სამწუხაროდ დღეს ყველა პარტია არ აკეთებს, რათა თავი აარიდოს კრიტიკულ გარემოში მოხვედრას.

 

დასკვნა

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის ეროზიის მზარდი პროცესი მნიშვნელოვან საფრთხეს  წარმოადგენს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის, რადგან ის ამცირებს საზოგადოების პოლიტიკაში მონაწილეობის სურვილს. პარტიებმა უნდა მოძებნონ გზები, რომლებიც მათ ამომრჩევლის ნდობის მოპოვებაში დაეხმარება. შიდაპარტიული დემოკრატიული პრაქტიკის გამყარება სწორედ ასეთი გზა შეიძლება იყოს. ეს გაზრდის პარტიული საქმიანობის გამჭვირვალობას და საზოგადოებას გაუჩენს ერთი მხრივ პარტიების მიმართ ნდობას, ხოლო მეორე მხრივ პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობის სურვილს.

©2021 ეროვნულ-რეფორმისტული ფორუმი. შესრულებულია inboundi-ს მიერ

შეგვეხმიანეთ

ამ მომენტში აქ არ ვართ, მაგრამ გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტა და უმალვე გიპასუხებთ.

იგზავნება

გაიარე ავტორიზაცია შენი მონაცემებით

დაგავიწყდათ თქვენი მონაცემები?