გიორგი ქსოვრელი, პოლიტოლოგი

ხშირად გვეკითხებიან თუ რატომ ერიდება საქართველოს ეროვნულ-რეფორმისტული საზოგადოება საქართველოს რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან ნებისმიერი სახით კავშირს და აფილირებას. ჩვენი პასუხი მარტივია: ჩვენი ორგანიზაცია შედგება იმ ადამიანებისგან, რომელთაც ყველა პარტიამ და მთელმა ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ, 1990-იანი წლებიდან დღემდე, იმედი გაუცრუა. დღევანდელ ქართულ რეალობაში, ამგვარ ადამიანებს, რომლებიც არც მმართველ და არც ოპოზიციურ პარტიებს არ ემხრობიან, ერთგვარი ცინიზმით „შუაშისტებს“ უწოდებენ. მე  „შუაშისტი“ ვარ და ამ ეპითეტის სრულიად არ მრცხვენია. პირიქით, ვამაყობ და ვფიქრობ, რომ თანამედროვე საქართველოში ყველა კეთილსინდისიერი და შეგნებული მოქალაქის ადგილი სწორედ „შუაშისტებთან“ არის, და აი რატომ:

დავიწყოთ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის ეპოქით. ვფიქრობ, ვრცელი ანალიზი არ სჭირდება იმის დამტკიცებას, რომ შევარდნაძის მმართველობამ საქართველო სრული პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური კატასტროფის პირას მიიყვანა და შესაბამისად, შევარდნაძის მმართველობის რომელიმე სფეროს მოწონება, უბრალოდ შეუძლებელია. სამოქალაქო ომი, სეპარატისტულ ომებში  დამარცხება, დანაშაულებრივი სამყაროს თარეში, მასობრივი კორუფცია და  მატერიალური სიღატაკე სამუდამოდ დარჩება შევარდნაძის ეპოქის და 1990-იანი წლების სინონიმებად საქართველოში.

2003 წლის ვარდების რევოლუცია და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დასაწყისი თითქოს უკეთეს მომავალს გვპირდებოდა. შესაბამისად, ისევე როგორც მილიონობით ქართველი, ჩვენც იმედით შევყურებდით შევარდნაძის რეჟიმის დასასრულს. ჩვენ თანამოქალაქეთა მსგავსად, ჩვენც მოგვწონდა ახალი ხელისუფლების მიერ მექრთამეობის წინააღმდეგ გაჩაღებული ბრძოლა. მაგრამ მეორე მხრივ, შეუძლებელი იყო მოგვწონებოდა ელიტური კორუფციის აყვავება პირდაპირ ხელისუფლების რიგებში, რომლის შედეგადაც უზარმაზარი ქონება დააგროვეს ხელისუფლების მაშინდელმა წევრებმა და მათთან დაახლოებულმა პირებმა.

ასევე მხარს ვუჭერდით კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლას, მაგრამ როგორ შეგვეძლო გაგვემართლებინა საქართველოს ციხეებში გამეფებული ენითაუწერელი სისასტიკე და ადამიანების წამება, შეურაცხყოფა, პოლიციის ძალადობა, პირდაპირ ქუჩებში ათეულობით ადამიანის მკვლელობა და ზოგადად, ადამიანის ყველაზე ძირითადი უფლებების უმძიმესი დარღვევა ყოველი ფეხის ნაბიჯზე.

რა თქმა უნდა, ისევე როგორც ყველა ქართველი, ჩვენც ვგულშემატკივრობდით ქართული არმიის და პოლიციის მშენებლობას, მაგრამ ამავე დროს, შეუძლებელი იყო თვალი დაგვეხუჭა, როდესაც ხელისუფლება ამავე სახელმწიფო ინსტიტუტებს პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორებისათვის, თავისუფალი მედიის შეზღუდვისა და ჩახშობისთვის და ზოგადად, კვაზი-ავტორიტარული რეჟიმის გამყარებისთვის იყენებდა.

ასევე, როგორც მთელ ქართველ საზოგადოებას, ჩვენც გვახარებდა, რომ საქართველოში დაბრუნდა ელექტროენერგიის მიწოდება, განახლდა და დაიგო ახალი გზები, შეკეთდა სკოლები და გალამაზდა მთელი რიგი ქალაქები, მაგრამ ამავე დროს, შეუძლებელი იყო მოგვწონებოდა კერძო ბიზნესის წინააღმდეგ მასშტაბური სახელმწიფო რეკეტი და საქართველოს თითქმის მთელი ბიზნეს კლასის წინააღმდეგ წარმოებული ტერორი, როდესაც არავინ იცოდა ხვალინდელ დილას საკუთარ ოჯახში შეხვდებოდა თუ ციხეში და საერთოდ, ვინ მიითვისებდა მის მიერ შრომით და ჯაფით შექმნილ ბიზნესს.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ 8-9 წლიან მმართველობას, რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური ძალაც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ნეპოტიზმი,  კლანიზმი, კორუფცია, კრიმინალური მდგომარეობის გაუარესება, ლარის მასიური ინფლაცია, ეკონომიკური კრიზისი და მოსახლეობის კიდევ უფრო გაღატაკება, ყოველივე ეს „ქართული ოცნების“ უუნარო და არაეფექტური მმართველობის მახასიათებლებად  იქცა.

იგივე ითქმის საქართველოში არსებულ ოპოზიციურ პარტიებზე, რომლებიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ „ქართული ოცნების“ ან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი იყვნენ და შესაბამისად, ძნელი წარმოსადგენია მათ საზოგადოებას რაიმე ახალი შესთავაზონ ან კიდევ საზოგადოების ნდობა დაიმსახურონ. ამ ყველაფერს საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის არაერთი გამოკითხვაც ადასტურებს.

საუბედუროდ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოში არასოდეს მომხდარა ელიტების ცვლა.  დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, აგერ უკვე თითქმის სამი ათწლეულია, ქვეყანას ყოფილი კომუნისტური ნომენკლატურა და მათი შვილები და შვილიშვილები მართავენ, რომლებიც ზუსტად ისეთივე საბჭოური სისტემით აზროვნებენ და მართავენ, როგორც მათი მამები და ბაბუები აზროვნებდნენ და მართავდნენ. ეს ელიტები დომინირებენ საქართველოს პოლიტიკური, სოციალ-ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების ყველა ასპექტს, რაც ქვეყნის განვითარებაზეც შესაბამისად, უარყოფითად აისახება.

ჩვენი ორგანიზაცია არავის ესხმის თავს და არავის ლანძღავს. მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოში დრომოჭმული ფსევდო-ელიტების შეცვლის დროა. შეუძლებელია ჩვენს ქვეყანაში არსებული ის უმწვავესი პრობლემები იმავე ხალხმა გადაჭრას, ვინც ეს პრობლემები თავადვე შექმნა. აი სწორედ ამიტომ, ჩვენი ორგანიზაცია კავშირში არ შედის არცერთ პოლიტიკურ ძალასთან. შესაბამისად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში აუცილებლად ჩამოყალიბდება ჯანსაღი, ჭეშმარიტი მესამე ძალა, რომლისთვისაც ნიადაგის მომზადებაში ეროვნულ-რეფორმისტული საზოგადოება ყოველ  დღე მუშაობს. ასე რომ, შემოგვიერთდით! და რა თქმა, ყოველთვის იამაყეთ, რომ „შუაშისტი“ ხართ, რადგან ეს თქვენს შესახებ ბევრ კარგზე მეტყველებს.

 

©2021 ეროვნულ-რეფორმისტული ფორუმი. შესრულებულია inboundi-ს მიერ

შეგვეხმიანეთ

ამ მომენტში აქ არ ვართ, მაგრამ გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტა და უმალვე გიპასუხებთ.

იგზავნება

გაიარე ავტორიზაცია შენი მონაცემებით

დაგავიწყდათ თქვენი მონაცემები?