ვასილ რუხაძე, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი; პიტსბურგის უნივერსიტეტის (აშშ) წვეული ლექტორი

დღეს, 26 მაისს, საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს აღნიშნავს. სამწუხაროდ, ძალიან ცოტას თუ ახსოვს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე 9 აპრილია და არა 26 მაისი. დიახ, 1991 წლის 9 აპრილი, როდესაც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა, და არა 1918 წლის 26 მაისი, როგორც ამას ჩვენ ვზეიმობთ. ჩვენ თითქმის დაგვავიწყდა, რომ პოსტ-საბჭოთა საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ 26 მაისის დადგენა ედუარდ შევარდნაძის რეჟიმის მიერ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასადმი პიროვნული სიძულვილით გამოწვეული ისტორიული უზუსტობაა, რომელსაც უკვე თითქმის სამი ათეული წელია ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი უკრიტიკოდ იზიარებს. 1990-იან წლებში, შევარდნაძის პოსტ-კომუნისტური ნომენკლატურა გულმოდგინედ ცდილობდა საქართველოს უახლესი ისტორიიდან  მთლიანად წაეშალა პრეზიდენტ გამსახურდიას პოლიტიკური მემკვიდრეობა. 26 მაისის დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადება სწორედ გამსახურდიას ყველაზე დიდი მემკვიდრეობის, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის, და შესაბამისად, 1991 წლის 9 აპრილის წაშლის პირდაპირი მცდელობა იყო.

დამოუკიდებლობის დღედ 26 მაისის დადგენა შევარდნაძის ხელისუფლებამ ფორმალურად იმ ფაქტით გაამართლა, რომ 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის დეკლარაცია 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის ტექსტს ემყარებოდა და შესაბამისად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეც თითქოს სწორედ 26 მაისი უნდა ყოფილიყო, რაც რა თქმა უნდა, სრული ისტორიული და პოლიტიკური აბსურდია. დავიწყოთ იმით, რომ ამა თუ იმ  დამოუკიდებლობის დეკლარაციის ტექსტის წინა დეკლარაციის ტექსტთან ნათესაობა დამოუკიდებლობის დღის თარიღის განსაზღვრის სამართლებრივი და ისტორიული საფუძველი შეუძლებელია გახდეს. ეს უბრალოდ არაკანონზომიერია.

გარდა ამისა, ის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, რომელიც 1918 წლის 26 მაისს ქართველმა ხალხმა გამოაცხადა, 1921 წლის ბოლშევიკურმა ინტერვენციამ შეიწირა, რის შემდეგაც საქართველომ სახელმწიფოებრიობა დაკარგა და 70 წელი საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ გაატარა. 1991 წლის 9 აპრილს ქართველმა ხალხმა დაკარგული დამოუკიდებლობა აღიდგინა და თავისი სახელმწიფოებრიობის ისტორიაში სრულიად ახალი ფურცელი გადაშალა. თუ იმ ცრუ ლოგიკას მივყვებით, რომ 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აღარაფერი მომხდარა, მაშინ იგივე ლოგიკით (ან უფრო სწორედ, არალოგიკურობით) საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ შეგვიძლია ასევე გამოვაცხადოთ 1659 წლის ბახტრიონის აჯანყების თარიღი, მე-14 საუკუნეში გიორგი ბრწყინვალეს ანტი-მონღოლური კამპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, მე-5 საუკუნეში ვახტანგ გორგასლის ანტი-ირანული აჯანყება ან ნებისმიერი სხვა თარიღი, რომელმაც მე-20 საუკუნემდე საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანა… ვფიქრობ, შემდგომ დისკუსიას აღარ საჭიროებს თუ რამდენად აბსურდულია საქართველოს დამოუკიდებლობის 26 მაისს აღნიშვნა.

1991 წლის 9 აპრილი არა მარტო საქართველოს უახლეს, არამედ მთლიანად პოსტ-კომუნისტური ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია და მისი შეუფასებლობა უსამართლობაა. 1991 წლის 9 აპრილმა და ზოგადად, ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ, ისევე როგორც ესტონელი, ლატვიელი, ლიტველი და უკრაინელი ხალხების ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობებმა, დიდი როლი ითამაშეს საბჭოთა იმპერიის საბოლოო დაშლაში. მე შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ საბჭოთა რეჟიმი მხოლოდ ოკუპირებული ერების დამოუკიდებლობისკენ სწრაფვამ დაანგრია. რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირს სხვა არაერთი უმძიმესი პოლიტიკური, იდეოლოგიური და სოციალ-ეკონომიკური პრობლემა ჰქონდა, რამაც მისი დეზინტეგრაცია განაპირობა. თუმცა, ქართველი ხალხის და საბჭოთა რეჟიმის მიერ ოკუპირებული სხვა ხალხების თავისუფლებისთვის ბრძოლა ის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი იყო, რომელმაც საბჭოთა იმპერიის დაშლა შეუქცევადი გახადა. 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის დღე ამ ბრძოლის და პროცესის მთავარი ნაწილია და სწორედ ამიტომ არის ის მნიშვნელოვანი და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რატომაც ჩვენ ქართველები დამოუკიდებლობის დღეს 9 აპრილს უნდა აღვნიშნავდეთ.

მე დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან ქართველი ხალხი დამოუკიდებლობის დღეს სწორედ 9 აპრილს და არა 26 მაისს აღნიშნავს. შეუძლებელია ეს ისტორიული და პოლიტიკური აბსურდი უსასრულოდ გაგრძელდეს. ამას რაც მალე შევძლებთ, მით უკეთესია. ეს იქნება 1989 წლის 9 აპრილს იმ ათობით დაღუპული ქართველისადმი ვალის ღირსეულად მოხდა, რომლებმაც ეს დამოუკიდებლობა თავისი სიცოცხლის ფასად შესაძლებელი გახადეს.

©2021 ეროვნულ-რეფორმისტული ფორუმი. შესრულებულია inboundi-ს მიერ

შეგვეხმიანეთ

ამ მომენტში აქ არ ვართ, მაგრამ გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტა და უმალვე გიპასუხებთ.

იგზავნება

გაიარე ავტორიზაცია შენი მონაცემებით

დაგავიწყდათ თქვენი მონაცემები?