ვასილ რუხაძე, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი; პიტსბურგის უნივერსიტეტის (აშშ) წვეული ლექტორი

უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში საქართველომ და ქართველმა ხალხმა უმძიმესი კატასტროფები გადაიტანეს: 1991-93 წლების სამოქალაქო ომი და ნგრევა და უცხო ძალის მიერ ინსპირირებული ორი ეთნიკური ომი შიდა ქართლსა და აფხაზეთში, რომლებშიც საქართველო მძიმედ დამარცხდა; ამავე უცხო ძალის მიერ 2008 წელს განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენცია და საქართველოს კატასტროფული მარცხი; უკანასკნელი სამი-ოთხი ათწლეულის განმავლობაში  თითქმის მთლიანად განადგურებული ქართული ეკონომიკა; ქრონიკული უმუშევრობა და სიღატაკე, რომლებიც ქართველი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების სინონიმებად იქცნენ; ლუკმა-პურის ძებნაში ქვეყნიდან გადახვეწილი ასეულ ათასობით ადამიანი და შედეგად, 1.8 მილიონი ადამიანით შემცირებული საქართველოს მოსახლეობა;  ყოველი ახალი ხელისუფლების დროს კორუფცია, ნეპოტიზმი, უკანონობა და სახელმწიფო რეკეტი, რომელიც დემოკრატიისა და სახელმწიფოს შენების ყალბი ლოზუნგების ქვეშ ახალ-ახალ ფორმას იღებს; მუდმივი პოლიტიკური ქაოსი, საიდუმლო მოსმენები, ერთმანეთის დასმენა და გულისამრევი საიდუმლო ჩანაწერები, რომლებიც ქართული საზოგადოებრივი ყოფიერების მახინჯ ნორმად იქცა; მასიური ნიჰილიზიმი და სრული უიმედობა, რაც საზოგადოების ორგანიზების ყოველგვარ საშუალებას სპობს…ეს არის ძალზედ მოკლე და არასრული ჩამონათვალი იმ კოლოსალური პრობლემების და მანკიერებების, რომლებიც ჩვენ როგორც საზოგადოებას და ქვეყანას გვაქვს.

ბუნებრივია, უწყვეტი დამარცხებებისა და ზოგადი დეგრადაციის შედეგად ბევრმა ქართველმა დაკარგა საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების რწმენა. ბევრმა დაიწყო კითხვა თუ რა არის ბოლოს და ბოლოს ქართული ტრადიცია? რა არის ქართული ფასეულობა? არსებობს კი საერთოდ ქართული ფასეულობა და შეიძლება თუ არა ვიამაყოთ მისით? მთლიანობაში, ეს კითხვები ჩვენში არსებული ეროვნული ცნობიერების მძაფრი კრიზისის მიმანიშნებელია, რომელსაც მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისზე არანაკლებ ღრმა ფესვები აქვს. დიახ, საუბედუროდ ქართველი ხალხი დღეს არამარტო პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის, არამედ ასევე ეროვნული ცნობიერების კრიზისის ეპოქაში ცხოვრობს, რომელსაც თავისი სიმწვავით საქართველოს ისტორიაში იშვიათი პრეცენდენტი თუ მოეძებნება.

მე შორს ვარ იმ ვაიპატრიოტული, ბანალური ყიჟინისაგან, რომ ჩვენ ქართველები ვართ სამყაროს ანი და ჰოე, ყოველივეს სათავე. მე ასევე სასტიკად ვეწინააღმდეგები ისტორიის, მათ შორის საქართველოს ისტორიის გაფეტიშებას, რადგან ვთვლი, რომ ისტორიას, წარსულს მხოლოდ ის საზოგადოებები და ერები აკერპებენ, რომელთაც აწმყოში აღარაფრის შექმნა აღარ ძალუძთ. მაგრამ მე ასევე მჯერა ქართველი ხალხის და ქართული კულტურის განსაკუთრებულობის. მიუხედავად საუკუნეების განმავლობაში განცდილი მრავალი გავლენისა – ბერძნული, რომაული, არაბული, ირანული, თურქული და რუსული სამყაროსგან – ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად უნიკალური ენა, ფოლკლორი, ქორეოგრაფია, ხუროთმოღვრება და სამზარეულო, რომლითაც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია იამაყოს. მაგრამ ქართული ფასეულობები, რომელთა ერთობლიობასაც პირობითად შეგვიძლია ქართული იდეა, ქართული კონცეფცია ვუწოდოთ, გაცილებით უფრო შორს მიდის.

პირველი, ეს არის ჩვენი გამძლეობა, რომლის მეცნიერულ, სტატისტიკურ მტკიცებულებას ჩვენი მრავალსაუკუნოვანი და დრამატული ისტორია წარმოადგენს. ფაქტია, რომ ქართველ ხალხს აქვს გამძლეობის, ამტანობის და თვითგადარჩენის ძალიან მძლავრი ეროვნულ-გენეტიკური კოდი, რომელიც ყველა საზოგადოებას არ გააჩნია. ჩვენი თითქმის 35 საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ჩვენ გავუძელით და მოვინელეთ ჩვენს ირგვლივ არსებული უძლიერესი იმპერიები: ხეთები, კიმერიელები, ურარტუელები, ძველი ელინური კოლონიები, აქემენიდური ირანი, რომის იმპერია, პართია, ბიზანტია, სასანიდური ირანი, არაბთა სახალიფო, თურქ-სელჯუკები, მონღოლები, ოსმალეთის იმპერია, სპარსეთი, ცარისტული რუსეთი და ბოლოს, საბჭოთა იმპერია. 400 წლით დავკარგეთ თბილისი და ქვემო ქართლი, არაბთა ქვეშ. 350 წლით დავკარგეთ სამცხე-ჯავახეთი, აჭარა და მთელი ზღვისპირეთი ოსმალეთის იმპერიის ქვეშ. მიუხედავად ამისა, ყველაფერი უკან დავიბრუნეთ, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ქართული მიწების დღევანდელი რუსული ოკუპაციაც მხოლოდ დროებითი მოვლენაა ჩვენს ისტორიაში.

მეორე თვისებას, რასაც ქართველ ხალხში გამოვყოფდი, ეს არის ეროვნული თვითმყოფადობის ძალიან მძლავრი და მძაფრი გრძნობა. საუკუნეების განმავლობაში ქართველ ერს, როგორც ეროვნულ ერთობას, ეჭვი იშვიათად თუ შეპარვია საკუთარი ეროვნული კულტურისა და ეროვნული იდენტობის ფასსა და სიჯანსაღეში და აბსოლუტური სიმტკიცითა და თავდაჯერებით იბრძოდა მისი შენარჩუნებისათვის. სწორედ ამ იდენტობის განსაკუთრებულობის რწმენა და მისი შენარჩუნების მძლავრი სურვილი იყო, რამაც არაერთ ქართველს გამაოგნებელი გმირობა ჩაადენინა საუკუნეების განმავლობაში.

მესამე, რაც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ისტორიას წითელ ხაზად გასდევს, ეს არის თავისუფლების სიყვარული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ისტორია უცხო ძალის ქვეშ ხანგრძლივი ოკუპაციების პერიოდებს მოიცავს, ვფიქრობ, იშვიათად მოიძებნება მეორე ისეთი ერი, რომელსაც ამ უცხო მტრული ძალების წინააღმდეგ თითქმის უთანასწორო ბრძოლაში ამდენი წარმატებული აჯანყება და ომი ეწარმოებინოს. თავისუფლების სიყვარული, რაც ასევე უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის თითქმის 200 წლიანმა ბატონობამ ჩვენში საკმაოდ შეარყია, ქართველს ისტორიულად მაინც ძვალ-რბილში აქვს გამჯდარი და სწორედ ეს თავისუფლების სიყვარულია მისი ყველაზე დიდი შემოქმედებითი ძალა და საქართველოს მომავალი განვითარების საწინდარი.

მეოთხე, რასაც გამოვყოფდი, ეს არის ჩვენი ბრძოლისუნარიანობა და ვაჟკაცობა. საქართველოს ისტორიაში ბევრჯერ ყოფილა პერიოდები, როდესაც თითქმის უიმედო მდგომარეობაში, ქართველს ხალხს თავის თავში მოუძებნია ბრძოლის უნარი და გაბედულება და ფიზიკური გადარჩენისათვის დაუნდობელ კონფლიქტებში გამარჯვებული გამოსულა. სწორედ ამავე ბრძოლისუნარიანობამ და ვაჟკაცობამ შეაძლებინა ქართველს ხალხს ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე არა ერთხელ, არამედ რამდენჯერმე შეექმნა კავკასიის რეგიონის და ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი  უძლიერესი სახელმწიფო.

ასე რომ, ჩვენ ქართველებს, ისევე როგორც ამერიკელებს, ფრანგებს, ბრიტანელებს თუ გერმანელებს, გვაქვს ჩვენი ეროვნული იდეა, კონცეფცია, რომელიც ჩვენს უმთავრეს ფასეულობებს წარმოადგენს. ეს ქართული იდეა, საქართველოს იდეა, სწორედ კულტურის განსაკუთრებულობის, ეროვნული იდენტობის, გამძლეობის, პიროვნული და სამშობლოს თავისუფლებისა და ეროვნული თვითმყოფადობისათვის მარადიული ბრძოლის იდეაა. სწორედ ეს არის ქართული ფასეულობების საფუძველი, ის ყველაფერი რაზეც საქართველო და ქართველი ხალხი დგას და რომელზეც არამარტო წარსული, არამედ ჩვენი მომავალიც უნდა დავამყაროთ.

ისევ და ისევ, მე მესმის, რომ დღეს ქართული ისტორიული გამძლეობის, ეროვნული თვითმყოფადობის, თავისუფლების სიყვარულისა და ბრძოლისუნარიანობის კონფეცია კრიზისს განიცდის განუწყვეტელი 30 წლიანი დამარცხებების ფონზე. ძნელია ყველა დაარწმუნო, რომ იმ მასიური კრიზისის პირობებში რაც საქართველოში ხდება, ყოველივე ზემოთ თქმული ჩვენი ეროვნული იდეის ნაწილია. მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი კრიზისი ყველაფერის მთქმელი არ არის. ეს კრიზისი არ უნდა გახდეს ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა და ჩვენ იგი ნებისმიერი საშუალებით უნდა გადავლახოთ. ამ კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი კი სწორედ ჩვენი ისტორიული იდეის, ეროვნული კონცეფციის ახლიდან პოვნა და მისი ახლიდან შეთვისება უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერასოდეს დავძლევთ ამჟამინდელ წყვდიადს.

 

©2021 ეროვნულ-რეფორმისტული ფორუმი. შესრულებულია inboundi-ს მიერ

შეგვეხმიანეთ

ამ მომენტში აქ არ ვართ, მაგრამ გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტა და უმალვე გიპასუხებთ.

იგზავნება

გაიარე ავტორიზაცია შენი მონაცემებით

დაგავიწყდათ თქვენი მონაცემები?