ვასილ რუხაძე, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი; პიტსბურგის უნივერსიტეტის (აშშ) წვეული ლექტორი

ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულმა მასიურმა სახალხო გამოსვლებმა ქართველ საზოგადოებაში კიდევ ერთხელ ახალი სიმწვავით დააყენა საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობის საკითხი. პარადოქსია, რომ მას შემდეგ რაც ნავთობი და ბუნებრივი აირი თანამედროვე ინდუსტრიული ეკონომიკის მამოძრავებელ არტერიად იქცნენ, საქართველო არასოდეს ყოფილა ენერგეტიკულად დამოუკიდებელი. ჯერ საბჭოთა კავშირი და შემდეგ რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდნენ საქართველოს უმთავრეს ენერგო მიმწოდებლებს.

2006 წლის ზამთარში რუსეთის მიერ განხორციელებული ღია საბოტაჟის შემდეგ, საქართველო თითქმის მთლიანად მოწყდა მოსკოვზე ენერგო დამოკიდებულებას. თუმცა, მაშინდელი ხელისუფლების მტკიცების მიუხედავად, ქვეყანას ნამდვილად არ მიუღწევია ენერგო დამოუკიდებულებისთვის: რუსეთზე ტოტალური დამოკიდებულება აზერბაიჯანზე ტოტალური დამოკიდებულებით შეიცვალა. საქართველო მისი ენერგო რესურსების 90 პროცენტზე მეტს ახლა უკვე აზერბაიჯანიდან იღებდა. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობა კვლავ ფიქციად დარჩა.

საქართველოს წინა და ახლანდელმა ხელისუფლებამ ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობის მიღწევის გზაზე ყოვლისმომცველ პანაცეად გიგანტური ჰესების მშენებლობა გამოაცხადეს და ამ კუთხით რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯიც გადადგეს. ნამახვანჰესის მშენებლობის პროექტი ამის ერთ-ერთი მაგალითია. ვფიქრობ, ხაზგასმას არ საჭიროებს თუ რაოდენ დიდი ეკოლოგიური და ჰუმანიტარული რისკების შემცველია გიგანტური ჰესების მშენებლობა: ვრცელი ტერიტორიის დატბორვა, თანამდევი მეწყერის საშიშროება, რეგიონული ეკოსისტემის განადგურება და ადგილობრივი მოსახლეობის მასობრივი აყრა, იმ საფრთხეების მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია, რომელსაც საქართველოს მსგავსი მცირემიწიანი ქვეყანა ყოველთვის სერიოზულად უნდა ეკიდებოდეს.

თუმცა, ეკოლოგიურ საფრთხეებზე არანაკლებად ანგარიშგასაწევი ფაქტორი ის გახლავთ, რომ 21-ე საუკუნეში გიგანტური ჰესების მშენებლობა ინტელექტუალურად მოძველებულ და ტექნოლოგიურად ჩამორჩენილ კონცეფციად იქცა, რომელსაც მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები უკვე რამდენიმე ათწლეულია აღარ მიჰყვებიან. უკანასკნელ დეკადებში კაცობრიობის მიერ გავლილი საზოგადოებრივი და ტექნოლოგიური განვითარების გზა ენერგიის გამომუშავებისა და ენერგო დამოუკიდებლობის მოპოვების ალტერნატიულ გზებს გვთავაზობს, რომლებიც საქართველოსთვის სრულიად ახალ შესაძლებლობებს ქმნიან. წინამდებარე სტატიაში ენერგიის გამომუშავების სამი მთავარი ალტერნატიული წყაროს მოკლე მიმოხილვას გთავაზობთ.

პირველი ალტერნატიული წყარო, რომელმაც მსოფლიოს არაერთ წამყვან ქვეყანაში უკვე დიდი ხანია ჩაანაცვლა გიგანტური ჰესები, გახლავთ გრავიტაციული ვორტექსის ტურბინა (იხილეთ ფოტო მარცხნივ). ამგვარი ტურბინა მდინარეზე ერთგვარ მიკრო-ჰიდროსადგურს ქმნის და შესაბამისად, საქართველოს მსგავსი პატარა მდინარეებიანი და უხვწყლიანი ქვეყნისთვის ენერგიის გამომუშავების იაფი და ეკოლოგიურად უსაფრთხო საშუალებაა. გრავიტაციული ვორტექსის ტურბინა არ მოითხოვს დიდ სივრცეს, არ საჭიროებს დიდი რაოდენობით წყალს, არ იწვევს ტერიტორიის დატბორვას და არ აზიანებს მდინარის შიდა თუ სანაპირო ეკოსისტემას. ასევე, ამგვარი ტურბინების შეძენა და მონტაჟი არ მოითხოვს მასიური ფინანსური რესურსების მობილიზაციას. აქვე აღსანიშნავია, რომ მისი სიმძლავრიდან გამომდინარე თითოეულ ტურბინას შეუძლია ელექტროენერგიით დააკმაყოფილოს ერთი მთლიანი დასახლებული პუნქტი. ნიშანდობლივია, რომ მდინარის დინების გასწვრივ შეიძლება რამდენიმე ამგვარი მიკრო-სადგურის დამონტაჟება, დაახლოებით 8-10 კილომეტრიანი დისტანციის დაცვით.

გრავიტაციული ვორტექსის ტურბინების ფართო მასშტაბით დანერგვის პრაქტიკა ეროვნული უშიშროების კუთხითაც გამართლებულია, რადგან მას ძალუძს შექმნას ენერგიის დეცენტრალიზირებული სისტემა, რაც სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში მოწინააღმდეგეს საშუალებას არ მისცემს ერთი-ორი დარტყმით მთლიანად გაანადგუროს ქვეყნის ენერგოსისტემა, მაშინ როდესაც სულ რამდენიმე გიგანტურ ჰესზე დამოკიდებული ენერგომომარაგება ამ საქმეს ნამდვილად გაუადვილებს მტერს. იმ უმძიმეს გეოპოლიტიკურ რეგიონში, რომელშიც საქართველო მდებარეობს ეს უკანასკნელი ფაქტორი უთუოდ გასათვალისწინებელია.

ალტერნატიული ენერგიის მეორე წყარო, რომელსაც საქართველოში უთუოდ აქვს მომავალი, ქარის ენერგია გახლავთ. 2018 წელს, საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში გახსნა ქარის პირველი ელექტროსადგური, ქალაქ გორთან, რომელიც ოფიციალურად „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ სახელით არის ცნობილი. აღნიშნული სადგური ელექტროენერგიით ამარაგებს 20,000-დან 25,000-მდე ოჯახს და მისი მშენებლობა სულ 26.4 მილიონი ევრო დაჯდა, რაც ზღვაში წვეთია გიგანტური ჰესების მშენებლობისათვის აუცილებელ ასეულობით მილიონ დოლართან შედარებით. შიდა ქართლის ზეგანის გარდა საქართველოში კიდევ არაერთი რეგიონია სადაც ქარის ნაკადის სიხშირე და სიმძლავრე მსგავსი სადგურების მშენებლობისთვის ხელსაყრელ ბუნებრივ პირობებს ქმნის. მაგალითად, ამგვარი ადგილებია ქალაქი ქუთაისი, ქალაქი რუსთავი და რა თქმა უნდა, თბილისის შემოგარენი, დიდი დიღომის რაიონის მხრიდან. საჭიროა მოხდეს ამგვარი რეგიონების შესწავლა და შესაბამისი ინვესტიციების მიზიდვა სწორედ ქარის ენერგიის ექსპლუატაციის სფეროში და არა გიგანტური ჰესების იდეაფიქსად ქცეულ ინდუსტრიაში.

ენერგიის მესამე ალტერნატიული წყარო მზის ენერგია გახლავთ, რომელიც საქართველოში, სამხრეთის თბილ სუბტროპიკულ ქვეყანაში, პრობლემას არასოდეს წარმოადგენდა. საბედნიეროდ, დღევანდელ მსოფლიოში რაც უფრო ფართოვდება მზის განახლებადი ენერგიის ექსპლუატაცია, მით უფრო კლებულობს სოლარული ტექნოლოგიების ფასი. მაგალითად, 2010 წლის შემდეგ სოლარული პანელების ფასმა 89 პროცენტით, ხოლო სოლარული ბატარეების ფასმა 84 პროცენტით დაიკლო. ასევე იზრდება სოლარული ენერგოსადგურების რაოდენობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. შესაბამისად, ყოველწლიურად იზრდება მზით გამომუშავებული ელექტროენერგიის ხვედრითი წილი მსოფლიოში. არ არსებობს რაციონალური მიზეზი, თუ რატომ არ უნდა დაიწყოს საქართველომ მზის განახლებადი ენერგიის ექსპლუატაცია რაც შეიძლება სწრაფად.

ვფიქრობ, მკითხველი დამეთანხხმება, რომ საქართველოს მსგავსი მცირე ქვეყნისთვის, განსაკუთრებით გეოპოლიტიკურად არცთუ ისე მეგობრულ რეგიონში, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა არა მარტო ეკონომიკური განვითარების, არამედ ეროვნული უშიშროების ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს. ასეთ სიტუაციაში, აუცილებელია საქართველოს მთავრობებმა და ზოგადად, ქვეყნის პოლიტიკურმა და ბიზნეს წრეებმა უფრო მეტი შემოქმედებითი უნარი გამოამჟღავნონ ენერგო დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის ბრძოლაში. ამ კუთხით ნამახვანჰესის, ან სხვა რომელიმე გიგანტური ჰესის მშენებლობა პასუხი ნამდვილად არ არის. ეს არის მოძველებული მიდგომა, რომელიც 21-ე საუკუნეში ახალმა მიდგომამ შეცვალა. მსოფლიოს ტექნოლოგიურმა და ინტელექტუალურმა განვითარებამ ალტერნატიული ენერგიის ახალ წყაროები შექმნა. შესაბამისად, გამოვიყენოთ ის წყაროები, რასაც განვითარებული მსოფლიო გვთავაზობს!

 

 

©2021 ეროვნულ-რეფორმისტული ფორუმი. შესრულებულია inboundi-ს მიერ

შეგვეხმიანეთ

ამ მომენტში აქ არ ვართ, მაგრამ გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტა და უმალვე გიპასუხებთ.

იგზავნება

გაიარე ავტორიზაცია შენი მონაცემებით

დაგავიწყდათ თქვენი მონაცემები?