ბიმურზა დადეშქელიანი, სოციოლოგიის დოქტორი; საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი

იმისათვის, რომ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ეთნიკური პოლიტიკა კარგად წარმოვაჩინოთ და გავიაზროთ, აუცილებელია განვიხილოთ რუსეთის იმპერიის დისკრიმანაციული დამოკიდებულება კავკასიის სხვადასხვა ეროვნებების მიმართ, დამოკიდებულება, რომელიც საუკუნეებია არ შეცვლილა.

რუსეთის იმპერია ქართულ სახელმწიფოსა და მის არსებობას სხვადასხვა შოვინისტურ-რასისტული თეორიებისა და კონცეფციების გამოყენებით ებრძოდა და ებრძვის. აღსანიშნავია, რომ ანდრეი სახაროვისეული კონცეფცია „საქართველო მცირე იმპერიაა,“ სრულ თანხვედრაში იყო რუსული იმპერიის არქიტექტორების, კერძოდ, იმპერატორების ალექსანდრე პირველის, ნიკოლოზ პირველის, ალექსანდრე მეორის, ასევე, დეკაბრისტების, იოსებ სტალინის, მიხეილ გორბაჩოვის, ევგენი პრიმაკოვის, ალექსანდრე დუგინის, ვლადიმერ პუტინის და ვლადიმერ ჟირინოვსკის მოსაზრებებთან და იმპერიულ გეგმებთან.

რუსეთის კოლონიური პოლიტიკა საქართველოში და მთლიანად კავკასიაში საკმაოდ ადრეულად დაიწყო. გენერალმა ივანე პასკევიჩმა რუსეთ-ოსმალეთის 1828-29 წლების ომის კვალობაზე სამხრეთ საქართველოში ფიზიკურად გაანადგურა 20,000 ქართველი მუსულმანი, ხოლო 55,000 ოსმალეთის იმპერიაში გადაასახლა. მათ ადგილზე სამცხე-ჯავახეთში ჩამოსახლებულ იქნა 30,000 ეთნიკური სომეხი და ბერძენი, რამაც მთლიანად შეცვალა რეგიონის დემოგრაფიული სურათი და გაამწვავა ეროვნებათაშორისი ურთიერთობა. ომის წარმატებით დამთავრების შემდეგ, იმპერატორმა ნიკოლოზ პირველმა გენერალ პასკევიჩს ახალი დავალება მისცა: “დაამთავრეთ რა ამრიგად ერთი დიდებული საქმე, მოგელით მეორე, პირდაპირი გაგებით უფრო მნიშვნელოვანი – ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა სრული განადგურება,“ ხაზი გაუსვა რუსეთის იმპერატორმა.

ცარისტული რეჟიმი განსაკუთრებით დაინტერესებული იყო კავკასიის შავი ზღვისპირეთით და შესაბამისად, გადაწყვიტა რუსი სამხედროებით დაესახლებინა შავი ზღვის სანაპირო მდინარე ყუბანის შესართავიდნ ქალაქ ფოთამდე და ზოგადად, ადგილობრივი მოსახლეობისაგან დაეცალა კავკასია. ამ გეგმას იმპერატორები ალექსანდრე პირველი  და ალექსანდრე მეორე ადგილობრივი მოსახლეობის პირდაპირი გენოციდის და მასიური გადასახლებების საშუალებით ახორციელებდნენ. ასე დაცალეს სოჭი-ადლერ-ტუაფსეს სანაპირო ზოლი ჩერქეზი და უბიხი მოსახლეობისგან, რომლებიც მასიურად გადაასახლეს ოსმალეთის იმპერიაში. იგივე გაგრძელდა აფხაზეთის სანაპირო ზოლში. 1864 წლიდან 1869 წლამდე ჩატარებულმა გენოციდმა ფიზიკურად გაანადგურა მთელი რიგი ეთნიკური ჯგუფები. შესაბამისად, სულ რაღაც ოთხი წლის განმავლობაში მივიღეთ ამგვარი სურათი:

 

 

ეთნიკური ჯგუფი

 

 

 

ეთნიკური ჯგუფის რაოდენობა                           1864 წელში ეთნიკური ჯგუფის რაოდენობა                          1869 წელში
შაფსუღები                   300,000                      1,983
აბაძეხები                   260,000                    14,660
ნათუხაელები                   240,000                         175
თემირღოელები                     80,000                      3,140
უბიხები                     74,000                             0
ბჟედუღები                     60,000                     15,263
მახოშეველები                       8,000                       1,204
ადამიელები                       3,000                          230

 

 

ასევე, დაახლოებით 100,000 ჟანეეველისა და ხაკუჩისგან ცოცხალი არ დარჩენილა არცერთი ადამიანი.

რუსეთის იმპერიის პოლიტიკა დეკაბრისტების, კერძოდ, პავლე პესტელის მიერ შექმნილ კონსტიტუციაშიც აისახა, რომლის მეორე და მესამე მუხლებში ნათქვამია: “2) კავკასიიის ყველა ხალხი დაიყოს ორ ჯგუფად: მშვიდობიანებად და შფოთიანებად. პირველთ უფლება მიეცეთ დარჩნენ თავიანთ საცხოვრისში და დაუწესდეთ მათ რუსული მმართველობა და წყობილება, ხოლო მეორენი (ქართველები, ჩერქეზები, ადიღელები, ყაბარდოელები, ჩეჩნები, ინგუშები, ავარიელები და ლეკები) ძალდატანებით გადასახლებულ იქნან შიდა რუსეთში და გადანაწილდნენ მცირერიცხოვან ჯგუფებად ვოლოსტებში; 3) კავკასიის მიწაზე შემოყვანილ იქნეს რუსული მოსახლეობა და მათ დაურიგდეთ აქედან გადასახლებულთა მიწები. ამ საშუალებით კავკასიაში წაიშლება ყველანაირი ნიშანწყალი წინანდელი მკვიდრი მოსახლეობისა. შესაბამისად, ეს მხარე გადაიქცევა წყნარ და კეთილმოწყობილ რუსულ ოლქად.“

რუსეთის იმპერიული ხელისუფლების პოლიტიკა სრულ თანხმობაში იყო რუსი დეკაბრისტების მოსაზრებებთან. 1880 წელს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე მეორემ აფხაზი ეთნიკური ჯგუფი ოფიციალურად გამოაცხადა დამნაშავე ხალხად, 1877-78 წლებში ანტიიმპერიული აჯანყების მოწყობის გამო. ეს ბრძანებულება მათ უკრძალავდა დასახლებას ზღვისპირას, გზების მახლობლად და ასევე სოხუმში, გუდაუთასა და ოჩამჩირეში.

ამავე პერიოდში ადგილი ქონდა ქართველი ერის გათიშვის მცდელობას, როდესაც რუსეთის ხელისუფლებამ სცადა შეექმნა რუსულ გრაფიკაზე დაფუძნებული მეგრული და სვანური ენების ანბანი. იგივე მეორდებოდა აფხაზურ ენასთან მიმართებაში. თუმცა, ამავე დროს რუსი შოვინისტი მეცნიერები ამტკიცებდნენ, რომ მალე აფხაზური ენა გაქრებოდა და შესაბამისად, მოხდებოდა აფხაზების ასიმილაციაც. პარალელურად აფხაზეთში მიმდინარეობდა აქტიური ანტიქართული პროპაგანდა. მას შემდეგ რაც 1905-1907 წლების რევოლუციაში აფხაზებმა მონაწილეობა არ მიიღეს, ცარიზმმა გააუქმა 1880 წლის ბრძანებულება დამნაშავე ერის შესახებ და აფხაზებს ეს სტატუსი მოუხსნა. სანაცვლოდ ქართველებს დაუწესდათ ის შეზღუდვები რაც მანამდე აფხაზებს ჰქონდათ, რითაც ხელოვნურად დაძაბეს ურთიერთობა ქართველებსა და აფხაზებს შორის.

ცარისტული რეჟიმის დაცემის შემდეგ მისი კოლონიური პოლიტიკის უარყოფითი მემკვიდრეობა საქართველოში და განსაკუთრებით აფხაზეთში ნათელი იყო. 1989 წლის „ლიხნის ყრილობის“ მსგავსი ყრილობა აფხაზეთში ჯერ კიდევ 1917 წელში ჩატარდა, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე. ყრილობის მკვეთრად გამოხატულმა ანტი­ქარ­თულმა პა­თოსმა ქარ­თ­ველ პოლიტიკურ მოღვაწეთა პროტესტი გამოიწვია. 1917 წლის 8 ნოემბერს, ყრილობას აფხაზურ ენაზე მიმართა აფხაზეთის უკანასკნელმა მთავარმა გიორგი შერვაშიძემ. მან ყრილობის მონაწილეებს  აუხსნა რუსეთში განვითარებული მოვლენების არსი, მიულოცა თავისუფლების მოახლოება და მიუთითა მოსალოდნელ საფრთხეებზე: “თქვენ თქ­ვენს უფროს ძმებს მიჰყევით, მათთან ერთად იმოქმედეთ და იბ­რ­ძოლეთ თავისუფლების მო­­საპოვებლად და შესანარჩუნებლად. ვიცი, ზოგი­ერ­თებს არ მოეწო­ნე­ბათ ჩემი ასეთი აზ­­რი, რადგან ისინი მოსკოვისაკენ იყურებიან, მე კი – თბილი­სი­საკენ. სხვა გზა არ არის და არც ყოფილა აროდეს აფხაზეთისათვის, გარ­და საქართ­ვე­ლოსთან მჭიდრო კა­ვ­­შირისა და მასთან ყოფნისა განუყრელად ჭირ­ში და ლხინში,” დასძინა გიორგი შერვაშიძემ.

საბჭოთა ხელისუფლებამ გააგრძელა აფხაზებსა და ქართველებს შორის დაპირისპირების გაღვივების პოლიტიკა, ორ ხალხს შორის პრივილეგიების მინიჭების მონაცვლეობით. კერძოდ, ეთნიკური აფხაზებისთვის პრივილეგირებული პერიოდები იყო 1920-30-იანი, 1950-იანი და 1970-80-იანი წლები. დანარჩენ პერიოდებში შედარებით ქართველები იყვნენ პრივილეგირებული. მაგალითად, 1980-იანი წლების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ყველა პრესტიჟულ თანამდებობაზე პირველ პირებად მხოლოდ ეთნიკური აფხაზები იყვნენ, ხოლო მეორე პირების როლში ქართველები, სომხები და რუსები, რაც უკიდურესად ძაბავდა ურთიერთობას ეთნიკურ ჯგუფებს შორის.

საბჭოთა ხელისუფლების გამთიშველი, დისკრიმინაციული პოლიტიკა ნაწილობრივ თავად იოსებ სტალინის შეხედულებებს ემყარებოდა. ანდრეი სახაროვამდე ბევრად ადრე, სტალინმა საქართველო ფაქტიურად მცირე იმპერიად გამოაცხადა: „ქართველები მებრძოლი შოვინისტები არიან – ისინი საშინლად ავიწროებენ სხვებს: სომხებს, აზერბაიჯანელებს, აფხაზებს, აჭარლებს, ოსებს; ქართველები არა ეროვნება, არამედ კონგლომერატია,“ ამბობდა სტალინი. სწორედ ამგვარი შეხედულებები დაედო საფუძვლად საქართველოს ტერიტორიულ დანაწევრებას 1921 წლის ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ, რის შედეგად საქართველომ დაკარგა მისი ისტორიული მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი და მიიღო ხელოვნურად შექმნილი ტერიტორიული ავტონომიების მთელი წყება.

აღსანიშნავია, რომ საბჭოთა რეჟიმი თავად ქართველი ერის ფრაგმენტაციასაც უწყობდა ხელს, რამაც გამოხატულება საქართველოს ზოგიერთ კუთხეშიც ჰპოვა. მაგალითად, 1920-იანი წლების ცნობილი ბოლშევიკი იდეოლოგი ისააკ ჟვანია ამბობდა:  “რატომ არ არსებობს მეგრული ნაცია?… სამეგრელოს ხომ ყველა ის თავისებურება გააჩნია, რისგანაც იქმნება ნაცია: კულტურისა და ყოფის ერთობა, ტერიტორია, ეკონომიკური ურთიერთობა, ენა…“ აქვე აღსანიშნავია, რომ ისააკ ჟვანია სამეგრელოსთან ერთად აქტიურად ცდილობდა სეპარატიზმისთვის საფუძველი სვანეთის რეგიონშიც ჩაეყარა. საბედნიეროდ, ეს პროცესი მაშინ წარუმატებელი გამოდგა.

                                                                                                                                                                              (პირველი ნაწილის დასასრული)

©2021 ეროვნულ-რეფორმისტული ფორუმი. შესრულებულია inboundi-ს მიერ

შეგვეხმიანეთ

ამ მომენტში აქ არ ვართ, მაგრამ გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტა და უმალვე გიპასუხებთ.

იგზავნება

გაიარე ავტორიზაცია შენი მონაცემებით

დაგავიწყდათ თქვენი მონაცემები?