ბიმურზა დადეშქელიანი, სოციოლოგიის დოქტორი; საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი

1980-იანი წლების ბოლოს და 1990-იანი წლების დასაწყისში, მას შემდეგ რაც საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა გაიშალა, საბჭოთა რეჟიმის დეზინფორმაციული მანქანა აქტიურად ამოქმედდა მისი დისკრედიტაციისთვის. ყალბი ტერმინი „საქართველო ქართველებისთვის“ სინამდვილეში არასოდეს ყოფილი ქართული ეროვნული მოძრაობის კრედო. ეს იყო კრემლის მიერ გამოგონებული ყალბი მცნება, რომლითაც ვითომც ეროვნული მოძრაობა და მისი ლიდერები ხელმძღვანელობდნენ. მოგვიანებით, საბჭოთა ოფიციალურ პრესაში გაჩნდა ტერმინები: „ზვიადისტი,“ „პროვინციალური ფაშიზმი,“ „ბუნკერი“ და სხვა, რათა აწ უკვე დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული ხელისუფლება ფაშიზმთან, ხოლო მისი მხარდამჭერები კერპთაყვანისმცემლებთან გაეიგივებინათ.

მოსკოვი ასევე აქტიურად მუშაობდა საქართველოში ეროვნებათაშორისი შუღლის გაღვივებისათვის. 1989 წლის მარტის „ლიხნის ყრილობა“ სინამდვილეში აფხაზი და ქართველი ხალხების წინააღმდეგ მიმართული კარგად დაგეგმილი პროვოკაცია იყო. ამ პროვოკაციის გამოძახილი გახლდათ 1989 წლის აპრილის გამოსვლები თბილისში, აფხაზეთის ავტონომიის გაუქმების მოთხოვნით, რაც სინამდვილეში ხალხთა შორის შუღლის გაღვივებას ემსახურებოდა. აღსანიშნავია, რომ მერაბ კოსტავამ და ზვიად გამსახურდიამ შეძლეს ჩაეშალათ ეს პროვოკაცია და მომდევნო დღეებში გამოსვლები საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნაში გადაზარდეს. აფხაზეთის წინააღმდეგ მიმართული ყველა ლოზუნგი აპრილის მანიფესტაციებიდან გაქრა. სწორედ ამას მოყვა საბჭოთა რეჟიმის სისხლიანი ანგარიშსწორება მშვიდობიანი მანიფესტანტების წინააღმდეგ, 1989 წლის 9 აპრილს.

საბჭოთა კავშირის მოდერნიზაციის გეგმაც კვლავ ხალხებს შორის ეთნიკური დაპირისპირების შექმნის კონცეფციაზე იდგა. მიხეილ გორბაჩოვისეული განახლებული საბჭოთა კავშირის პროგრამა ავტონომიურ რესპუბლიკებსა და ავტონომიურ ოლქებს მოკავშირე რესპუბლიკების თანაბარ პოლიტიკურ უფლებებს ანიჭებდა და მათ საშუალებას აძლევდა საბჭოთა კავშირში დარჩენის საკითხი მოკავშირე რესპუბლიკებისგან დამოუკიდებლად გადაეწყვიტათ. სწორედ ეს კანონპროექტი გახდა  საფუძველი მიხეილ გორბაჩოვის სატელეფონო მუქარისა ზვიად გამსახურდიასადმი, სადაც გორბაჩოვმა განაცხადა, რომ საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გასვლა შეეძლო, ოღონდ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარეშე. მოსკოვის დაკვეთითვე მოხდა პრაღის ავადსახსენებელი 24-ე რეზოლუციის მიღება, რომელმაც ქართველებს ოსი და აფხაზი ეროვნული უმცირესობების შევიწროებასა და გენოციდში დასდო ბრალი.

ვინც დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ხელისუფლების პოლიტიკას ოდნავ მაინც იცნობს, კარგად იცის, რომ იმ დროს ქვეყანაში ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დარღვევას ადგილი არ ქონია და ამგვარი ბრალდება მხოლოდ მტრის მიერ შექმნილი პროპაგანდის შედეგი იყო. აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ კონსტიტუციით განსაზღვრა საერთაშორისო სამართლის უპირატესობა ადგილობრივ კანონმდებლობასთან მიმართებაში, თუკი ის ადამიანის უფლებების სფეროს ეხებოდა. ასევე მრავლისმთქმელია 1991 წლის 31 მარტის საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შედეგები: 3, 326, 100 ამომრჩევლიდან 3, 295, 493 ადამიანმა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველი წარუმატებლობების მიუხედავად, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ ამ დროისათვის მოახერხე ეთნიკური კონფლიქტის თანდათანობითი რეგულირება შიდა ქართლში. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიასა და რუსეთის სფსრ-ს უზენაესი საბჭოს თამვჯდომარის ბორის ელცინს შორის 1991 წლის 23 მარტს დაბა ყაზბეგში მიღწეული შეთანხმების მიხედვით, საბჭოთა არმიის ნაწილებს უნდა დაეტოვებინათ რეგიონი, ხოლო საქართველოს მთავრობის კანონიერი ორგანოები უნდა აღდგენილიყვნენ სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის მთელ ტერიტორიაზე, რაც საქართველოს ხელისუფლების უდავო გამარჯვებას წარმოადგენდა.

ამ დროისათვის ასევე წარმატებით მიმდინარეობდა აფხაზთა ერთიან ქართულ სივრცეში ინტეგრაციის პროცესიც. 1991 წელს, ქართულ-აფხაზურმა ორმხრივმა კომისიამ, რომელიც რუსული მხარის გარეშე შეიქმნა, შეიმუშავა ახალი, დროებითი საარჩევნო კანონი. ამ კანონის მიხედვით აფხაზურ მხარეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში ეძლეოდა 28 ადგილი (43 პროცენტი), ხოლო ქართულ მხარეს 26 ადგილი (40 პროცენტი). სხვა ეროვნებების წარმომადგენლებს რჩებოდათ 11 ადგილი (17 პროცენტი). მთლიანობაში, ამ შეთანხმების შედეგად პროქართული ორიენტაციის დეპუტატების რაოდენობა 10 პროცენტით გაიზარდა წინა მოწვევის უზენაეს საბჭოსთან შედარებით.

ახალი საარჩევნო კანონის ერთ-ერთი უდიდესი შედეგი ის იყო, რომ მან განმუხტა აფხაზეთში მოსკოვის მიერ შექმნილი დაძაბული ეთნიკური ვითარება და გაანეიტრალა საქართველოს როგორც „მცირე იმპერიის“ და ქართველების მიერ აფხაზთა ეთნიკური გენოციდის მითი. ამ შეთანხმებამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჩრდილოეთ კავკასიაზეც, სადაც დაიწყო ავტოქტონური ეთნიკური ჯგუფების ეროვნული თვითგამორკვევის პროცესი და დააჩქარა ერთიანი კავკასიური სახლის მშენებლობის პროცესი.

ბუნებრივია, რუსეთმა იგრძნო კავკასიის დაკარგვის საფრთხე. შედეგად საქართველოში მივიღეთ კრიმინალური დაჯგუფებების მეშვეობით განხორცილებული 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალება, სამოქალაქო ომი, სამეგრელოს რეგიონის უპრეცენდენტო ძარცვა, აფხაზეთის ომი, 30,000 მოკლული, 350,000 ლტოლვილი, საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობა, 1,5 მილიონი ემიგრანტი მსოფლიოს ყველა კუთხეში, განადგურებული ეროვნული ეკონომიკა და ათობით მილიარდი დოლარის საგარეო ვალი.

1991-1993 წლების კატაკლიზმურმა მოვლენებმა საქართველოში მძიმე დარტყმა მიაყენა ზვიად გამსახურდიას პოლიტიკურ მემკვიდრეობას, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის და ერთა თვითგამორკვევის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე იდგა. საფრთხე შეექმნა ასევე გამსახურდიას დიდ პოლიტიკურ პროექტს, „საერთო კავკასიურ სახლს,“ რომელიც ქართულ ისტორიულ გამოცდილებას ეყრდნობოდა და დიდი ქართველი მმართველებისა და სახელმწიფო მოღვაწეების შრომის გაგრძელებას წარმოადგენდა.

პარადოქსია, რომ ზვიად გამსახურდიას ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მემკვიდრეობა კავკასიის ერებს შორის ეთნიკური დიალოგის დანერგვის მცდელობა იყო. საუბედუროდ, რუსეთმა ვერ დაინახა გამსახურდიას პოლიტიკის დადებითი მხარე და იმპერიული „გათიშე და იბატონეს“ პრინციპს გაჰყვა. როგორც უახლესმა ისტორიამ აჩვენა, რუსეთს ეს ბუმერანგივით შემოუტრიალდა და შედეგად მიიღო მრვალაწლიანი ომი ჩეჩნეთში და მუდმივი არასტაბილურობა ინგუშეთში, დაღესტანსა და მთელს ჩრდილოეთ კავკასიაში, რომელმაც რუსეთის ფედერაცია თითქმის დეზინტეგრაციის პირას მიიყვანა. საქართველო კი ჯერ კიდევ ცხოვრობს რუსეთის კოლონიური პოლიტიკის მემკვიდრეობით. საკითხავია, როდის შევძლებთ ამ კოლონიური მემკვიდრეობის საბოლოოდ მოშორებას?!

©2021 ეროვნულ-რეფორმისტული ფორუმი. შესრულებულია inboundi-ს მიერ

შეგვეხმიანეთ

ამ მომენტში აქ არ ვართ, მაგრამ გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტა და უმალვე გიპასუხებთ.

იგზავნება

გაიარე ავტორიზაცია შენი მონაცემებით

დაგავიწყდათ თქვენი მონაცემები?