გია ივანიშვილი, თადარიგის ოფიცერი

საუკუნეების განმავლობაში ქართველმა ხალხმა გამაოგნებელი ისტორიული კატაკლიზმები გადაიტანა და ყოველგვარი სამხედრო ლოგიკის საწინააღმდეგოდ არაერთი უთანასწორო ომიდან გამარჯვებული გამოვიდა. ვფიქრობ, ხაზგასმა არ ჭირდება, რომ ქართული სამხედრო ცოდნის გარეშე ჩვენი ერის ფიზიკური გადარჩენა უბრალოდ წარმოუდგენელი იქნებოდა. მაგრამ იბადება კითხვა: რატომ იყვნენ ქართველები ასეთი ძლიერი ომში?

ამ კითხვის ერთ-ერთი პასუხი საქართველოში კარგად განვითარებულ სამოქალაქო თავდაცვის ტრადიციულ სისტემაში უნდა ვეძიოთ. თაობების განმავლობაში საქართველოში არსებობდა სამოქალაქო თავდაცვის მთელი რიგი თამაშები, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას მუდმივად ამზადებდნენ მოსალოდნელი სამხედრო კონფლიქტისათვის. ერთ-ერთი ასეთი თამაში, რომელიც მსურს წინამდებარე სტატიაში განვიხილო, გახლდათ საქართველოს მთიანეთში გავრცელებული ეგრეთ წოდებული „წყლის ზეიმი.“

ეს საყოველთაო ღონისძიება წელიწადში ერთხელ იმართებოდა. სოფლის მამაკაცები სოფელს ტოვებდნენ და შესაბამისად, მეომარი ძალისგან დაცლილი სოფლის იმიტაციას ქმნიდნენ. იგივე მამაკაცები ასრულებდნენ მტრის კავალერიის როლს და დაცლილ სოფელზე შეტევას იწყებდნენ. მომხდურ „მტერს“ სოფლის შემოსასვლელშივე ხვდებოდნენ წინასწარ მომზადებული ქალები, რომლებიც სწრაფი ჭენებით გახურებულ ცხენებს მოულოდნელად ცივ წყალს ასხავდნენ (სავარაუდოდ ღონისძიების სახელი „წყლის ზეიმი“ სწორედ აქედან მოდის) და დამფრთხალი ცხენის მიერ ჩამოგდებულ მხედარს ჭოკებით უსწორდებოდნენ.

თუმცა, ეს ამ ღონისძიების მხოლოდ ერთი მცირე ნაწილი იყო. „წყლის ზეიმი“ წარმოადგენდა საკმაოდ ვრცელ და კომპლექსურ სისტემას, რომელსაც ორ მთავარ საფეხურად და მრავალ ქვესაფეხურად დაყოფილი მოსამზადებელი სამუშაოები უძღოდა წინ. პირველ საფეხურს წარმოადგენდა სოფლის მომზადება, რაც რაღა თქმა, უნდა შეტყობინების ეფექტური სისტემის შექმნას გულისხმობდა. იმისათვის, რომ სოფელში დარჩენილ ქალებს პოზიციების დაკავება დროულად მოესწროთ, სოფელს უნდა ჰქონოდა მტრის დროულად აღმოჩენის, კომუნიკაციისა და განგაშის გამოცხადების სისტემა. სწორედ ამ მიზნით არსებობდა სპეციალური სათვალთვალო კოშკები, სადაც მუდმივად უნდა ემორიგევა ორ ადამიანს. კოშკებზე წინასწარ უნდა ყოფილიყო მომზადებული კოცონის დასანთები ისეთი მასალები, რომლებიც დღისით დიდი მოცულობის კვამლს წარმოშობდნენ, ხოლო ღამით კაშკაშა ცეცხლს. საგუშაგოებზე ასევე მუდმივად უნდა ყოფილიყო დანთებული პატარა კოცონი: გასათბობად, საკვების მოსამზადებლად და დიდი, საგანგაშო კოცონის სწრაფად გასაჩაღებლად.

სამხედრო განგაშის სისტემის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდნენ სოფლის ეკლესიები, რომელთა ზარები მოსახლეობას საფრთხის მოახლოებას ამცნობდნენ. ამასთანავე, სოფელში იყვნენ შიკრიკები, რომლებსაც მეზობელი სოფლიდან დამხმარე ძალის გამოძახება და მინდორში სამუშაოდ გასული მამაკაცების უკან მოხმობა ევალებოდათ.

სოფლის მომზადების განუყოფელი ქვესაფეხური იყო საჭირო რესურსების მუდმივ მზადყოფნაში ქონა. სოფელში დარჩენილი ქალები ვერ დაიკავებდნენ საჭირო საბრძოლო პოზიციებს თუ  წინასწარ არ იქნებოდა მომზადებული წყლის მარაგი, საჭირო ჭურჭელი და მხედრის გასანეიტრალებელი ჭოკები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბევრ სოფელში დღესაც არის შემორჩენილი წყარო და წყლის დიდი ავზი, სადაც ზოგადად სახლში დაბრუნებული საქონელი რწყულდება. სწორედ ამ წყაროების და ავზების გვერდით მუდმივად უნდა ყოფილიყო მზად ჭოკები, რომ სოფლის დამცველებს ეს მძიმე ნივთები სახლიდან არ ეზიდათ.

სოფელს ასევე მუდმივ მზადყოფნაში უნდა ქონოდა ადგილი, სადაც მტრის სოფელში შემოღწევის შემთხვევაში ბავშვებსა და მოხუცებს გახიზნავდნენ. შესაბამისად, გახიზნულებს აუცილებელი ნივთები თან რომ არ ეტარებინათ, თავშესაფრები მუდმივად უნდა ყოფილიყო მომარაგებული საჭირო რაოდენობის შეშით, თბილი ტანსაცმლით, სურსათით და სამედიცინო საშუალებებით.

საკმაოდ ღრმა კომპლექსურობით გამოირჩეოდა ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც თავდაცვისათვის სოფლის მომზადებას უზრუნველყოფდა. ყოველივე ამის კოორდინირებას ახდენდა სოფლის თავკაცი, რამდენიმე დამხმარესთან ერთად. სოფლის თავკაცი და მისი თანაშემწეები კი შესაბამისად დახმარებას და კოორდინირებას უწევდნენ შემდეგ გუნდებს: 1) გუნდი, რომელიც ხვდებოდა მტერს; 2) გუნდი, რომელიც უზრუნველყოფდა წყლის მიწოდებას; 3) გუნდი, რომელიც უზრუნველყოფდა მოხუცებისა და ბავშვების თავშესაფარში გახიზვნას; 4) გუნდი, რომელიც სამედიცინო დახმარებას უწევდა საბრძოლო გუნდს და გახიზნულ მოსახლეობას; 5) შიკრიკების გუნდი.

სოფლის თავკაცისა და მისი დამხმარეების მოვალეობაში ასევე შედიოდა სათვალთვალო კოშკებზე მორიგეობის ორგანიზება და კონტროლი 24 საათიან რეჟიმში, წყლის რესურსების მუდმივი მზაობა და გასახიზნ თავშესაფრებში აუცილებელი ნივთებისა და სურსათის მარაგის რეგულარული შევსება.

სამოქალაქო თავდაცვის მეორე საფეხურს წარმოადგენდა თავდასხმაზე რეაგირება. მტრის თავდასხმის შემთხვევაში საგუშაგო კოშკებზე მყოფი მორიგეები დაუყოვნებლივ ანთებდნენ კოცონს. კოცონის დანახვისთანავე, ნებისმიერი პირი სოფელში, რომელიც მას შეამჩნევდა, მყისვე მიაშურებდა ეკლესიის სამრეკლოს და ტეხდა განგაშის ზარებს, რომელიც წირვაზე მოსახმობი ზარის ხმისა და რიტმისგან თვისობრივად განსხვავდებოდა. განგაშის ზარის ხმაზე სოფლის მოსახლეობა იწყებდა მყისიერ რეაგირებას. ყველა პირმა წინასწარ იცოდა სოფლის თავდაცვის სისტემაში თავისი ზუსტი ფუნქცია, ადგილი და ხელმძღვანელი. მოსახლეობას აღარ სჭირდებოდა დავალებების ახლიდან გადანაწილება, რადგან თავდაცვის ყველა ასპექტისათვის მომზადება ხდებოდა წელიწადში ერთხელ, ზემოთ აღნიშნული სახალხო ზეიმის სახით.

ამგვარი პრაქტიკა უზრუნველყოფდა ერთი მხრივ ინდივიდუალური მეომრის მზაობას და გამართული საბრძოლო ორგანიზმის ჩამოყალიბებას და მეორე მხრივ მოსახლოების მზადყოფნას კრიზისული სიტუაციებისთვის, რამაც გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, უდიდესი როლი შეიტანა ქართველი ხალხის ფიზიკურ გადარჩენაში.

©2021 ეროვნულ-რეფორმისტული ფორუმი. შესრულებულია inboundi-ს მიერ

შეგვეხმიანეთ

ამ მომენტში აქ არ ვართ, მაგრამ გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტა და უმალვე გიპასუხებთ.

იგზავნება

გაიარე ავტორიზაცია შენი მონაცემებით

დაგავიწყდათ თქვენი მონაცემები?