გია ივანიშვილი, თადარიგის ოფიცერი

სტატიის პირველ ნაწილში აღწერილი „წყლის ზეიმის“ გარდა ისტორიულ საქართველოში სამოქალაქო თავდაცვის სისტემის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა „ქუდზე კაცის,“ ანუ საყოველთაო მობილიზაციის სისტემა, როდესაც საომრად იწვევდნენ ყველა სრულწლოვან მამაკაცს. სწორედ ამ ინსტიტუტს ემყარებოდა „სახალხო ლაშქარი,“ იგივე „ჯარი ხალხი,“ რომელთა გაწვევა მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში ხდებოდა. გვიანდელ შუა საუკუნეებში ლაშქრის გაწვევა საკმაოდ გახშირდა „ლეკიანობისა“ და სპარსეთ-ოსმალეთის შემოსევების გამო. ამ დროისათვის ამგვარი ჯარი ჩვეულებრივ „მდევარის“ ან „ყარაულის“ სახელით იყო ცნობილი.

„ქუდზე კაცის“ სისტემა იმდენად ეფექტური იყო, რომ ცარისტულმა რუსეთმა ის საქართველოს დაპყრობის შემდეგაც კი შეინარჩუნა, სანამ კავკასიაში ოსმალეთისა და სპარსეთის იმპერიების წინააღმდეგ მთავარი ომები არ დაასრულა. საყოველთაო მობილიზაციის სისტემით შექმნილი ქართული ლაშქრის, ანუ მილიციის მრავალრიცხოვანი შენაერთები მონაწილეობდნენ რუსეთ-ოსმალეთისა და რუსეთ-სპარსეთის ყველა მთავარ ბრძოლაში.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, უნდა ჩავთვალოთ, რომ საქართველოში თითქმის ყველა ოჯახს შეეძლო მეომრის გამოყვანა. ეს კი თავის მხრივ ნიშნავს, რომ თითოეულ ოჯახში მზად იყო მეომრისათვის აუცილებელი ტანსაცმელი, საკვები, აღჭურვილობა და იარაღი. შესაბამისად, ნათელია, რომ ზრდასრულ მამაკაცს საქართველოში კანონის მიხედვით უფლება ჰქონდა შეენახა და ეტარებინა იარაღი და საჭიროების შემთხვევაში იგი ქვეყნის, ოჯახისა და საკუთარი ღირსების დასაცავად გამოეყენებინა. ეს კი თავისთავად მეტყველებს საქართველოში იარაღის ფლობის მაღალ კულტურასა და ტრადიციებზე.

ცარისტული რუსეთის მიერ საქართველოსა და კავკასიის დაპყრობის შემდეგ ეს ყველაფერი შეიცვალა. კავკასიაში მთავარი სამხედრო კონფლიქტების დასრულებისთანავე რუსეთის კოლონიურმა რეჟიმმა „ქუდზე კაცის“ ინსტიტუტი მოშალა, რათა ქართველი საზოგადოებისგან თავისუფლებისათვის შესაძლო ბრძოლაში მასიური სამხედრო მობილიზაციის საფრთხე თავიდან აეცილებინა.

იგივე მიზანს ემსახურებოდა ოჯახებიდან იარაღის ფლობის ტრადიციის გაქრობა. როგორც ყველა მჩაგვრელ ძალასა და მოძალადე რეჟიმს, ცარისტულ კოლონიურ ხელისუფლებასაც აშინებდა იარაღის მქონე თავისუფალი პიროვნება, რომელიც ნებისმიერ დროს შესაძლებელი იყო საკუთარი უფლებებისა და ღირსების დამცველ მეომრად გარდაქმნილიყო. შესაბამისად, ქართველ საზოგადოებაში თანდათან გაქრა იარაღის ყველაზე საბაზისო ცოდნა, რაც საუკუნეების განმავლობაში ქართველი კაცის ბუნებისა და ეროვნული ხასიათის განუყოფელ და ერთ-ერთ უმთავრეს თვისებას წარმოადგენდა.

ამგვარად, საქართველოში გაქრა ტოტალური მობილიზაციის, ლაშქრის ორგანიზებისა და იარაღის ფლობის სისტემა და ტრადიცია, რასაც შორსმიმავალი უარყოფითი შედეგები ჰქონდა. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს საქართველოს 1921 წლის ბოლშევიკური ოკუპაცია, როდესაც ქვეყანამ ვერ შეძლო მტრის წინააღმდეგ სწრაფი და საყოველთაო მობილიზაცია და თავის სათანადოდ დაცვა. აღსანიშნავია, რომ ფართო საზოგადოების მიერ იარაღის საბაზისო ცოდნის უქონლობა, ტოტალური მობილიზაციის უუნარობა და თავდაცვის ყველა კომპონენტის ერთიან მართვის სისტემაში გაერთიანება დღესაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს საქართველოსთვის.

თანამედროვე მსოფლიოში მოქალაქეთა ქვეყნის თავდაცვაში მონაწილეობის სხვადასხვა ფორმა არსებობს. მათ შორის ეფექტურობით გამოირჩევა ისრაელისა და შვეიცარიის სისტემები, რომელთა სამხედრო რეზერვისტების სტრუქტურები თავიანთი ორგანიზაციით ახლოს დგანან ცარისტული რუსეთის ოკუპაციამდელი საქართველოს ტოტალური მობილიზაციისა და სახალხო ლაშქრის სისტემასთან.

ქვეყნის თავდაცვის სისტემის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს მოქალაქისათვის იარაღის ფლობისა და ტარების უფლების დაკანონება, რა მხრივაც ყველაზე შორს ამერიკის შეერთებული შტატები (აშშ) წავიდა. აშშ-ს კონსტიტუციის მეორე დამატება მოქალაქეებს უფლებას აძლევს გაერთიანდნენ ლაშქარში (მილიციაში) და იქონიონ იარაღი. კერძოდ, კონსტიტუციაში წერია: „რადგან თავისუფალი სახელმწიფოს უსაფრთხოების დასაცავად აუცილებელია კარგად გაწვრთნილი მილიცია, არ უნდა შეიზღუდოს ხალხის უფლება შეინახოს და ატაროს იარაღი.“ ნიშანდობლივია, რომ ამერიკის მოხალისეთა მილიციის წევრებს იარაღთან ერთად ქვეყნის კონსტიტუციის ასლიც მუდამ თან დააქვთ.

დღეს, როდესაც ჩვენს რეგიონში არსებული უმძიმესი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნების საკითხი ახალ სიმწვავეს იძენს, სამხედრო თავდაცვის თემა იმდენად აქტუალურია, როგორც არასდროს. ასეთ პირობებში, არაერთი ქართველი იდეალად მსოფლიოს სხვადასხვა წარმატებული ქვეყნის თავდაცვის სისტემებს მიიჩნევს, მაშინ როდესაც ჩვენივე წარსული თავდაცვის უმდიდრეს ტრადიციებს გვთავაზობს. საჭიროა ეს ტრადიციები ახლიდან მოვიძიოთ, შევისწავლოთ და საქართველოსა და ჩვენი ხალხის სამსახურში ახლიდან ჩავაყენოთ. ჩემი სტატიაც სწორედ ამ სამხედრო ტრადიციების გაცოცხლების მცდელობას ემსახურება მიზნად.

©2021 ეროვნულ-რეფორმისტული ფორუმი. შესრულებულია inboundi-ს მიერ

შეგვეხმიანეთ

ამ მომენტში აქ არ ვართ, მაგრამ გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტა და უმალვე გიპასუხებთ.

იგზავნება

გაიარე ავტორიზაცია შენი მონაცემებით

დაგავიწყდათ თქვენი მონაცემები?