გიორგი ბერიძე, სამხედრო ექსპერტი

მისი შექმნის დღიდან მოყოლებული, ცეცხლსასროლი იარაღი მომაკვდინებელ ძალასთან ასოცირდება. გასაგები მიზეზების გამო — იარაღი კლავს. უფრო სწორედ, ადამიანი კლავს, იარაღის საშუალებით. შესაამისად, როდესაც ქვეყანაში იარაღის ფლობა-ტარების დაკანონებაზე ვსაუბრობთ საზოგადოების ნაწილს თვალწინ უმალ ქაოსი, განუკითხაობა, მკვლელობების უწყვეტი სერია და კრიმინალური სამყაროს თარეში წარმოუდგება.

სინამდვილეში, ცოტამ თუ იცის, რომ იარაღის ლეგალური ფლობა-ტარების უფლება სტატისტიკურად დანაშაულობების ერთ-ერთ ყველაზე დაბალ პროცენტულ მაჩვენებელთან ასოცირდება. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც უმეტესად იარაღის შენახვა და ტარება ნებადართულია, დანაშაულობათა პროცენტულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სწორედ იმ ქალაქებსა და შტატებშია, სადაც იარაღის ტარების ყველაზე ნაკლებად შემზღუდავი კანონებია. ამას მრავალი წლის მანძილზე ჩატარებული ასუელობით სამეცნიერო კვლევა მოწმობს და აქ მათზე ვრცელ საუბარს აღარ მოვყვები.

მთლიანობაში, ლოგიკა მარტივია: ბოროტმოქმედი დანაშაულის ჩადენისათვის საჭირო იარაღს კანონიერი გზით მაღაზიაში არ იძენს. მისთვის იარაღზე კანონით დაწესებული აკრძალვა არავითარ შეზღუდვას არ წარმოადგენს. ის იარაღს არალეგალური გზით, შეუზღუდავად შოულობს და უკანონოდ ატარებს. სამაგიეროდ, აკრძალვა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს კანონმორჩილი მოქალაქისთვის, რომელიც შეიარაღებული დამნაშავის პირისპირ დაუცველია. კარგი, ეფექტური პოლიციის პირობებშიც კი, პოლიცია  მსხვერპლს ყოველთვის ვერ შველის და რომც ყოველთვის შველოდეს, საკუთარი თავდაცვის საშუალების ქონა ცუდი აზრი სრულებით არ არის. ბოლოს და ბოლოს, ქალაქში სახანძრო სამსახურის არსებობა, შენობებში მცირე ცეცხლმაქრის ქონას სრულებით არ გამორიცხავს. არაფერი აშინებს და აბრკოლებს ბოროტმოქმედს უფრო მეტად, ვიდრე იმის ცოდნა, რომ მისი პოტენციური მსხვერპლი შეიარაღებულია. შესაბამისად, დანაშაულის მოტივაცია რადიკალურად კლებულობს და მასთან ერთად დანაშაულობათა რიცხვიც.

სამწუხაროდ, დღეს საქართველოში იარაღის ფლობისა და ტარების კანომდებლობა საკმაოდ ბუნდოვანი და არასისტემატიზირებულია. მთლიანობაში, სანადირო იარაღის გამოკლებით, ჩვენ ქვეყანაში ტაბელური და სემი-ავტომატური იარაღის ფლობა და ტარება აკრძალულია. ისმის კითხვა, აქვს კი რაიმე ლოგიკა იარაღის  ფლობისა და ტარების დაკანონებას საქართველოში? მე ვფიქრობ, რომ მისი დაკანონება არათუ ლოგიკურია, არამედ სასიცოცხლო მნიშვნელობის  აუცილებლობას წარმოადგენს ქართველი ადამიანისთვის  და საზოგადოებისთვის, და აი რატომ:

პირველი, საქართველოში იარაღის შენახვისა და ტარების დაკანონება გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებს ტრადიციულად ძლიერ კრიმინალურ სამყაროს. პირველად ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში უბრალო მოქალაქეს, ოჯახის მამას თუ დედას, ან მცირე თუ საშუალო ბიზნესის მფლობელს წვრილმან ხულიგანთან, ქუჩის გამომძალველთან, კრიმინალურ ავტორიტეტთან თუ ნებისმიერი სახის ბიზნეს-რეკეტიორთან საკუთარი თავის, საკუთარი ოჯახის და საკუთარი შრომით შექმნილი ბიზნესის ფიზიკური უსაფრთხოების საშუალება მიეცემა. ეს უმოკლეს დროში დაასუსტებს საქართველოში დანაშაულებრივი სამყაროსა და კრიმინალური კულტურის მრავალწლიან გავლენას, რომელმაც აგერ უკვე ათწლეულებია ქართველების რამდენი თაობის ცხოვრება და მომავალი შეიწირა. კრიმინალური სამყარო უბრალოდ დაკარგავს მის ძალადობრივ უპირატესობას რიგით მოქალაქესთან თუ ბიზნესმენთან. როგორც ზემოთაც აღვნიშნე, არაფერი ისე არ აშინებს კრიმინალს, როგორც შეიარაღებული პოტენციური მსხვერპლი. დამნაშავეს სხვა ენა უბრალოდ არ ესმის.

მეორე, იარაღის ფლობისა და ტარების დაკანონება საუკეთესო დამცველი საშუალება იქნება საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის გაჩენისა და გამყარების წინააღმდეგ. როგორც ჩვენმა უახლესმა ისტორიამ გვაჩვენა, ძალაუფლების აღების შემდეგ საქართველოს მმართველებს ძალიან უჭირთ ძალაუფლებასთან განშორება. ამას შედეგად ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვა და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე მეთოდური შეტევა მოსდევს, რის შემდეგაც სრულყოფილ ავტორიტარიზმამდე ბევრი აღარაფერი რჩება. ფაქტია, რომ არაფერი ისე არ აშინებთ ავტორიტარულ მმართველებს როგორც თავისუფლებისმოყვარე, შეიარაღებული მოქალაქე. შემთხვევითი არ არის, რომ დღევანდელ მსოფლიოში იარაღის ფლობის ამკრძალავი ყველაზე მკაცრი კანონები ყველაზე ავტორიტარულ რეჟიმებს და ქვეყნებს აქვთ, როგორებიც არიან ჩრდილოეთ კორეა, მიანმარი, ვენესუელა და ჩინეთი. ავტორიტარულ რეჟიმებზე უკეთ არავინ იცის, რომ მილიონობით თავისუფლებისმოყვარე, კანონიერი იარაღის მფლობელი მოქალაქის პირობებში ავტორიტარული მმართველობა უბრალოდ ფეხს ვერ მოიკიდებს.

მესამე, საქართველოში იარაღის ფლობის დაკანონება მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი ქვეყნის საგარეო უშიშროებას. ვფიქრობ, ვრცელ ანალიზს არ საჭიროებს იმის განმარტება, რომ არცერთი ჩვენი არაკეთილმოსურნე ქვეყნისთვის ადვილი არ  იქნება იმ ქვეყანაზე თავდასხმა, მისი დამარცხება და ოკუპაცია,  სადაც მილიონობით მოქალაქე იარაღს ფლობს და მისი გამოყენებაც შეუძლია. თუნდაც რამდენიმე მილიონი ადამიანის განიარაღების პერსპექტივა (ანუ მისი უპერსპექტივობა) რამდენჯერმე დააფიქრებს აგრესორს.

საქართველოში იარაღის ფლობისა და ტარების დაკანონების სკეპტიკოსებს სამი ძირითადი არგუმენტი აქვთ. პირველი, იარაღს ხელში უპირველეს ყოვლისა კრიმინალები და ფსიქიური პრობლემების მქონე ადამიანები ჩაიგდებენ, რაც ქვეყანაში დანაშაულობების ზრდას და ქაოსს გამოიწვევს. მეორე, 1990-იან წლებში იარაღის გავრცელებამ დამანგრეველი სამოქალაქო ომი და მრავალწლიანი განუკითხაობა მოგვიტანა. იარაღის ტარების დაკანონება იგივეს მოგვიტანს. მესამე, ქართველები მძაფრი ტემპერამენტის ხალხი ვართ და დაკანონებული იარაღით ერთმანეთს დავხოცავთ.

სინამდვილეში, ამ სამი არგუმენტიდან არცერთს საფუძველი არ აქვს. პირველი, იმისათვის რომ იარაღი კრიმინალებმა და ფსიქიური პრობლემების მქონე ინდივიდებმა არ შეიძინონ არსებობს კრიმინალური წარსულის და ფსიქიური ჯანმრთელობის დეტალური შემოწმების პროცედურა, რაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გამოიყენება და ეფექტურად მუშაობს. შესაბამისად, საქართველოში მსგავსი სისტემის დანერგვა ამ პრობლემას მოხსნის.

მეორე, საქართველოში 1991-1992 წლების სამოქალაქო ომი და მომდევნო ანარქია არა ზოგადად იარაღის გავრცელებამ, არამედ უშუალოდ უკანონო იარაღის დამნაშავეთა ხელში ჩავარდნამ განაპირობა, რომელთა წინაშე კანონმორჩილი მოქალაქე უძლური და უიარაღო იყო. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ 1990-იანი წლების ქართული ქაოსის და ძარცვა-გლეჯის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი სწორედ ის გახლდათ, რომ უბრალო მოქალაქეს თავდაცვის ელემენტალური საშუალება არ ქონდა. 1990-იანი წლების განუკითხაობა და დანაშაულებრივი სამყაროს თარეში ძნელად წარმოსადგენი იქნებოდა იმ ქვეყანაში, სადაც მოქალაქეთა უმრავლესობას კანონიერი იარაღი ექნებოდა და თავის დაცვას შეძლებდა.

მესამე, მძაფრი ტემპერამენტი მხოლოდ ქართველების თვისება არ არის. ის ზოგადად ადამიანის თვისებაა. შესაბამისად, ამ მხრივ ქართველები განსაკუთრებულები არ ვართ. გარდა ამისა, ფაქტია რომ საქართველოში ადამიანები ცეცხლსასროლი იარაღის გარეშეც ახერხებენ ერთმანეთის მკვლელობას, თანაც საკმაოდ მაღალი სიხშირით. კანონმორჩილი მოქალაქეებისათვის იარაღის ფლობისა და ტარების უფლების დაკანონებას აქვს პოტენცია, რომ ეს პროცესი შენელდეს და ადამიანმა შესაძლო მკვლელისგან თავის დაცვა შეძლოს.

მთლიანობაში, ვფიქრობ ჩვენ ქვეყანაში იარაღის ფლობისა და ტარების დაკანონება უკვე საკმაოდ მომწიფებული საკითხია და ამ თემაზე საზოგადოებაში დისკუსიის დაწყება ნამდვილად დროული იქნება. ამ სტატიის უმთავრესი მიზანიც სწორედ ეს არის.

 

©2021 ეროვნულ-რეფორმისტული ფორუმი. შესრულებულია inboundi-ს მიერ

შეგვეხმიანეთ

ამ მომენტში აქ არ ვართ, მაგრამ გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტა და უმალვე გიპასუხებთ.

იგზავნება

გაიარე ავტორიზაცია შენი მონაცემებით

დაგავიწყდათ თქვენი მონაცემები?