გია ივანიშვილი, თადარიგის ოფიცერი

საქართველოში საკმაოდ ხშირად საუბრობენ ტოტალური, ანუ ყოვლისმომცველი თავდაცვის სისტემის შექმნის აუცილებლობაზე, რომელიც საქართველოს მსგავსი პრობლემური სამეზობლოს მქონე და მცირე ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

ჩემი დღევანდელი სტატია სწორედ ამ თემას ეხება ა მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, თუ როგორ შეიძლება მოეწყოს ჩვენი უშიშროების სისტემა. შესაბამისად, წარმოგიდგენთ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მცირე ქვეყნის, შვეიცარიის, მაგალითს, რომელმაც მსოფლიოს უახლეს ისტორიაში ტოტალური თავდაცვის სავარაუდოდ ყველაზე წარმატებული სისტემა შექმნა.

მაშ ასე, რას ემყარება შვეიცარული ტოტალური თავდაცვის სისტემა, რომელიც მრავალი წელია ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, ნეიტრალიტეტის და განვითარების გარანტიაა? სისტემა რა თქმა უნდა უაღრესად ვრცელი და კომპლექსურია. ჩვენ აქ მოკლედ, სულ რაღაც თერთმეტ პუნქტში, შევეხებით ზოგიერთ მათგანს, რათა მკითხველს საბაზისო წარმოდგენა შევუქმნათ ტოტალური თავდაცვის სისტემის ძირითად მექანიზმებზე:

პირველი, და ერთ-ერთი უმთავრესი მექანიზმი, რომელზეც შვეიცარული ტოტალური თავდაცვის სისტემა დგას, გახლავთ მისი სამხედრო გაწვევის ტრადიცია. მიუხედავად იმისა, რომ 1815 წლის შემდეგ შვეიცარიის ტერიტორიაზე ომს ადგილი არ ქონია, ქვეყანაში მაინც მოქმედებს საყოველთაო სამხედრო სავალდებულო გაწვევის სისტემა, რაც თითოეულ შვეიცარელ მამაკაცს ჯარში სამსახურს ავალდებულებს. მათ ვისაც სამხედრო სამსახური არ შეუძლიათ, იხდიან სპეციალურ გადასახადს სახელმწიფო ხაზინაში. ყოველივე ამის შედეგად, შვეიცარიას მუდმივ მზადყოფნაში ყავს 150 ათასი ადამიანისაგან შემდგარი მაღალ პროფესიონალური არმია, 4 მილიონიანი სამხედრო რეზერვი და დამატებით 3 მილიონი ადამიანი, რომელთაც კრიტიკულ სიტუაციაში ქვეყნის დასაცავად ხელში იარაღის აღება შეუძლიათ. შვეიცარული საზოგადოების ტრადიციულ კულტურასა და ცნობიერებაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის სისტემა იმდენად არის გამჯდარი, რომ მოსახლეობის 73 პროცენტმა, 2013 წლის 22 სექტემბრის რეფერენდუმზე, უარი უთხრა ამ სისტემის გაუქმებას.

მეორე, შვეიცარია მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა იარაღის კანონიერ მფლობელთა რაოდენობით. კერძოდ, ქვეყნის 8.4 მილიონი მოსახლედან პირად საკუთრებაში იარაღს ფლობს 2 მილიონი ადამიანი. ნებისმიერ პიროვნებას, რომელიც ადგილობრივ ეგრეთ წოდებულ მილიციაში (militia ანუ სახალხო ლაშქარი) მსახურობს, გადაეცემა იარაღი მისი მსახურების ვადის განმავლობაში. ამასთანავე, სახელმწიფო ყოფილ სამხედროებს ახალისებს შეიძინონ საკუთარი საბრძოლო იარაღი რეზერვში გასვლის დროს. აქვე აღსანიშნავია, რომ შვეიცარია მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ადგილზეა სასროლი პოლიგონების რაოდენობით.

მესამე, შვეიცარია ფლობს გზებისა და მიწისქვეშა ბუნკერების ვრცელ ქსელს, რომელიც ქვეყანას საშუალებას აძლევს საჭიროების შემთხვევაში გადაადგილოს სხვადასხვა ზომის სამხედრო კონტინგენტი და ასევე, მოსახლეობა. ამასთანავე, სამოქალაქო თავდაცვის კანონის 45-ე და 46-ე მუხლების მიხედვით, შვეიცარიის თითოეული მოქალაქე უზრუნველყოფილია თავშესაფრით მისი საცხოვრებელი ადგილის ახლოს, სადაც მას ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცხოვრება შეუძლია. შედეგად, კრიზისის დროს ქვეყანას აქვს საკმარისი თავშესაფარი ფართი მოსახლეობის 100 პროცენტზე მეტისათვის.

მეოთხე, 1880-იანი წლებიდან მოყოლებული შვეიცარია მუდმივად აახლებს ეროვნული თავდაცვის გეგმას, ახალ-ახალი რეალობების შესაბამისად. გზებისა და მიწისქვეშა ბუნკერების გარდა, ქვეყნის ტერიტორიაზე მოწყობილია არაერთი საფორტიფიკაციო ნაგებობა. საცეცხლე პოზიციები შენიღბულია სამოქალაქო ნაგებობების საფარქვეშ და განლაგებულია სტრატეგიულ მიმართულებებზე.

მეხუთე, დღეისათვის შვეიცარიის მთავრობის პირდაპირი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება 7,200 ერთეული განგაშის გამოცხადების პუნქტი და მოწყობილობა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. განგაშის სისტემის გამოცდა ხდება ყოველი წლის თებერვლის პირველ ორშაბათს.

მეექვსე, შვეიცარიის მთელი პოლიტიკური მართვის სისტემა დეცენტრალიზირებულია იმგვარად, რომ თუ ცენტრალური მთავრობა მართვის უნარს დაკარგავს, მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს შეუძლიათ ფუნქციონირება ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელონ. ამასთანავე, ქალაქებსა და თემებს, რომლებიც გეოგრაფიულად იზოლირებული არიან, გააჩნიათ ერთმანეთთან კავშირის კარგად განვითარებული ფართო ქსელი, რომელიც ქვეყნის საერთო ეროვნული კოორიდნაციის უნარს ზრდის.

მეშვიდე, შვეიცარიას აქვს სასმელი წყლით მომარაგების მაღალგანვითარებული სისტემა, რომელიც მზად არის ყველაზე მწვავე კრიზისისთვისაც კი. ქვეყნის ყველა ქალაქსა და სოფელში მოწყობილია წყლის შადრევნების ვრცელი ქსელი, რომლებიც ჩვეულებრივი წყაროს წყლით იკვებებიან. მაგალითად, მხოლოდ ქალაქ ციურიხში ამგვარი 1,200 ერთეული შადრევანია. ცენტრალური წყალმომარაგების განადგურების შემთხვევაში ამ წყაროების დეცენტრალიზებულ სისტემას შეუძლია სასმელი წყლით უზრუნველყოს ქვეყნის მთელი მოსახლეობა.

მერვე, მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარია ელექტროენერგიის მოთხოვნილების მხოლოდ 67 პროცენტს აკმაყოფილებს საკუთარი ჰიდროელექტრო სადგურების საშუალებით, გონივრული ენერგო იმპორტისა და განახლებადი ენერგიის ექსპლუატაციის შეჯერების შედეგად, შვეიცარიას აქვს 100 პროცენტიანი ენერგო მომარაგების პოტენცია სამხედრო კონფლიქტის პირობებშიც კი.

მეცხრე, ქვეყანა ფლობს სურსათის და პირველადი მოხმარების საგნების მნიშვნელოვან მარაგს, რომლის მზაობა სახელმწიფოს მუდმივ საზრუნავს წარმოადგენს. მაგალითად, 2016 წელს, შვეიცარიის მთავრობამ განაახლა ქვეყნის „ეკონომიკური მომარაგების აქტი,“ რომლის მიხედვით დამატებითი ყურადღება უნდა გამახვილდეს ისეთი მარაგის შექმნაზე, როგორიცაა: ა) სურსათი (შაქარი, ზეთი და ბურღულეული; ბ) ენერგორესურსები (ბენზინი და დიზელი); გ) მედიკამენტები (ანტიბიოტიკები და ვაქცინები). ამ მარაგმა უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის ნორმალური საცხოვრებელი გარემო კრიზისის პირობებში, სამიდან ექვსი თვის ვადის განმავლობაში.

ნიშანდობლივია, თუ როგორ ხორციელდება თავად მარაგის შექმნა. მაგალითად, შვეიცარიის კანონმდებლობა მოითხოვს, რომ საწვავის იმპორტიორმა მხარემ შეინახოს საჭირო რაოდენობის მარაგი საგანგებო შემთხვევისათვის. სახელმწიფო მარაგის შექმნასთან ერთად, მთავრობა რეკომენდაციას აძლევს მოსახლეობას იქონიოს შვიდი დღის სამყოფი წყალი, სურსათი, სანთლები, ასანთი, ელემენტები რადიოსათვის და ფანრებისათვის, პირველადი დახმარების აფთიაქი და ღუმელი საკვების მოსამზადებლად, იმ შემთხვევაში თუ ცენტრალური ენერგომომარაგების სისტემა მწყობრიდან გამოვა.

მეათე, მიწისქვეშა ბუნკერებში, საკვების და სხვა სახის საჭირო მარაგთან ერთად, მოწყობილია ციფრული ბიბლიოთეკები, რათა მასობრივი კატასტროფის შემთხვევაში საზოგადოების მიერ დაგროვილი ცოდნა არ დაიკარგოს და ქვეყანას განვითარების დაწყება ნულოვანი წერტილიდან არ მოუწიოს.

მეთერთმეტე, შვეიცარიის მთავრობა საგანგებოდ დაცულ ბანკებში და სპეციალურ ბუნკერებში ინახავს ქვეყნის ეროვნული საგანძურის მნიშვნელოვან ნაწილს, რომლის საშუალებითაც შვეიცარელ ხალხს შეეძლება სწრაფადვე აღადგინოს დანგრეული ქვეყანა. აღსანიშნავია, რომ ამ ბუნკერებს ძალუძთ გაუძლონ ატომური აფეთქების ძალას.

გაზვიადებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ შვეიცარული ტოტალური თავდაცვის სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოა არამარტო თანამედროვე მსოფლიოში, არამედ სავარაუდოდ მსოფლიო ისტორიაში. საქართველოს, რომელიც უმძიმეს გეოპოლიტიკურ რეგიონში მდებარეობს და რომლის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და თვით ფიზიკური არსებობა მუდმივად საფრთხის ქვეშ დგას, ბევრის სწავლა შეუძლია შვეიცარული გამოცდილებიდან.

ტოტალური თავდაცვის უმდიდრესი ტრადიციები ისტორიულად თავად ჩვენ, ქართველებსაც გვქონდა. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო და ქართველი ხალხი ვერ გაუძლებდა ისტორიის უმძიმეს ქარტეხილებს საუკუნეების განმავლობაში. სამწუხაორდ, ეს ცოდნა თითქმის დაიკარგა. ჩვენთვის სასიკეთოდ, შვეიცარიის სახით არსებობს მოდელი, გამოცდილება, რომლის გაზიარებაც შეიძლება საქართველოს ეროვნული უშიშროების სისტემის შექმნისათვის. ვფიქრობ, დროა ქართულმა სახელმწიფომ და ქართველმა საზოგადოებამ ამ მიმართულებით აქტიური მოქმედება დაიწყოს.

©2021 ეროვნულ-რეფორმისტული ფორუმი. შესრულებულია inboundi-ს მიერ

შეგვეხმიანეთ

ამ მომენტში აქ არ ვართ, მაგრამ გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტა და უმალვე გიპასუხებთ.

იგზავნება

გაიარე ავტორიზაცია შენი მონაცემებით

დაგავიწყდათ თქვენი მონაცემები?