ვასილ რუხაძე, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი; პიტსბურგის უნივერსიტეტის (აშშ) წვეული ლექტორი

დავიწყებ იმით, რომ ძლიერი პოლიტიკური ლიდერების გარეშე ქვეყნის და საზოგადოების ცხოვრება და  მითუმეტეს განვითარება წარმოუდგენელია. როგორც ამერიკელი პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი ამბობდა, „ისტორიას ადამიანები ქმნიან და არა პირიქით. ლიდერის გარეშე საზოგადოება ერთ ადგილზე იყინება. პროგრესი მხოლოდ მაშინ განახლდება, როდესაც გაბედული და მოხერხებული ლიდერი შესაბამის მომენტს გამოიყენებს და საზოგადოებას უკეთესი მომავლისაკენ დაძრავს.“

საქართველოს და ზოგადად მსოფლიო ისტორიაში ძლიერმა პოლიტიკურმა ლიდერებმა უდიდესი როლი ითამაშეს საკუთარი ქვეყნების და მათი ისტორიის ჩამოყალიბებაში. მაგალითად, ჩვენი ისტორია ძნელი წარმოსადგენია ისეთი მონუმენტალური ლიდერების გარეშე, როგორებიც იყვნენ ილია ჭავჭავაძე, ერეკლე II და სხვა დიდი ქართველი მეფეები და სახელმწიფო მოღვაწეები, რომლებმაც არა მარტო ქართული სახელმწიფო, არამედ ქართული ეროვნული იდენტობა გამოძერწეს. ასევე წარმოუდგენელი იქნებოდა მსოფლიო ისტორია ისეთი გიგანტური პოლიტიკური ლიდერების გარეშე, როგორებიც იყვნენ აბრაამ ლინკოლნი, უინსტონ ჩერჩილი, კონრად ადენაუერი, შარლ დე გოლი და მრავალი, მრავალი სხვა, რომლებმაც საკუთარი ქვეყნების განვითარებაში და კაცობრიობის ისტორიაში განუზომელი წვლილი შეიტანეს.

მაგრამ ერთია ძლიერი, ეფექტური პოლიტიკური ლიდერი და მეორეა პოლიტიკური ცრუ-მესია. განსხვავებები ამ ორ ფენომენს შორის ძალიან ბევრია. აქ მხოლოდ რამდენიმეს მოვიყვან: ძლიერი ლიდერი არასოდეს მისცემს ხალხს მისდამი ბრმა თაყვანისცემის მიზეზსა და საშუალებას; პოლიტიკური ცრუ-მესია ბრმა თაყვანისცემით სულდგმულობს. ძლიერი ლიდერი არასოდეს კვებავს საზოგადოებას არარეალური დაპირებებით; ცრუ-მესია მხოლოდ ცრუ-დაპირებებზე და ილუზიებზე დგას. ძლიერი ლიდერი ხალხს ნათლად განუმარტავს, რომ თითოეული მოქალაქის დიდი შრომის გარეშე ქვეყნის განვითარება წინ ვერ წავა; ცრუ-მესია ხალხს არწმუნებს, რომ სახელმწიფო თითოეული მოქალაქის უზრუნველი ცხოვრების გარანტი იქნება. ძლიერი ლიდერი ქვეყანას და ხალხს საკუთარ თავს წირავს; ცრუ-მესია მისდამი ხალხის მსხვერპლს ითხოვს. ძლიერი ლიდერი ძალაუფლებას თვითმიზნად არასოდეს აქცევს; ცრუ-მესია მზად არის ძალუფლების მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად ყველა და ყველაფერი გასწიროს. ძლიერი ლიდერი იდეებით და მოქმედებით სავსეა; ცრუ-მესია კი მხოლოდ სიტყვებით და არაფრისმთქმელი მიღწევებით იწონებს თავს. ძლიერი ლიდერი უმოწყალოდ კლავს კორუფციის ყოველივე დიდსა და მცირე გამოვლინებას; ცრუ-მესია რამდენიმე წელში კორუფციის და ნეპოტიზმის ჭაობში ახრჩობს ქვეყანასა და საზოგადოებას…ყველა განმასხვავებლის აქ ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანდა. ვფიქრობ, მკითხველისთვის ზოგადი აზრის შესაქმნელად ესაც საკმარისია.

განვითარებულ, ჯანსაღ და თავისუფალ საზოგადოებებს არ ჭირდებათ მესია, ბელადი. პოლიტიკურ მესიას ყოველთვის ღრმა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი საზოგადოებები ეძებენ, რომელთაც სჯერათ, რომ ახალი პოლიტიკური მხსნელი არამარტო საზოგადოების ყველა სოციალ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ, არამედ მათ პირად პრობლემებსაც კი გადაჭრის. თანაც ძალიან სწრაფად. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ პოსტ-საბჭოთა ქართველი საზოგადოება მესიანისტური საზოგადოებაა. უკანასკნელი 30 წელია რაც ეკონომიკური სიდუხჭირით, პოლიტიკური ქაოსით, კორუფციითა და ნეპოტიზმით გადაქანცული საზოგადოება ხსნას ახალ-ახალ პოლიტიკურ მესიებში ეძიებს, იმ იმედით, რომ ახალი ცრუ-მესია წინას კატასტროფულ მემკვიდრეობას გამოასწორებს. შესაბამისად, 30 წელია ერთ წრეზე ვტრიალებთ და ყოველ 8-10 წელიწადში წამოჭრილი კითხვა, „რა გვეშველება?“ ახალი ცრუ-მესიის შერჩევით მთავრდება. და შემდეგ კვლავ ვიწყებთ ახალ ციკლს.

ნიშანდობლივია, რომ საზოგადოებაში სადაც პოლიტიკური მხსნელის მუდმივი მოლოდინია, ასევე მუდმივად მოიძებნება მოხერხებული შარლატანი და მანიპულატორი, რომელიც ადვილად მოახერხებს საზოგადოების მოტყუებას. ისევ და ისევ, პოსტ-საბჭოთა საქართველოს უკანასკნელი 30 წლის ისტორია ამის უტყუარი მაგალითია.

აქვე აღსანიშნავია, რომ ქართულ რეალობაში ყოველი ახალი ცრუ-მესია წინა ცრუ-მესიის წიაღიდანაა გამოსული, თანაც არც თუ ისეთი შთამბეჭდავი მიღწევებით წინა პოლიტიკურ რეჟიმში. მიუხედავად ამისა, ახალ ცრუ-მესიას ჩვენ არასოდეს ვუსვამთ საჭირო კითხვებს და სიტყვაშეუბრუნებლად და ნებით ვუვარდებით ხელში, იმ იმედით რომ ახალი პოლიტიკური მხსნელი გადაწყვეტს ჩვენს ყველა პრობლემას. და ამავე იმედით ვაძლევთ მას განუსაზღვრელ პოლიტიკურ ძალაუფლებას, რომელიც სულ ცოტა ხანში ძალადობის, ავტორიტარიზმის, კორუფციისა და ნეპოტიზმის მთავარ იარაღად იქცევა ჩვენსავე წინააღმდეგ.

პოსტ-საბჭოთა საქართველოს სამი პოლიტიკური ცრუ-მესია: ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ქართული პოლიტიკური მესიანიზმის პირდაპირი პროდუქტი არიან. სამივე ადამიანი ძალაუფლებაში საზოგადოების უზარმაზარი მოლოდინების ტალღაზე მოვიდნენ, ისე რომ მათთვის არავის უკითხავს, თუ როგორ შეასრულებდნენ იმ ფანტასმაგორიულ დაპირებებს, ფაქტობრივად, საქართველოს როგორც მიწიერი სამოთხის პროექტს, რომლებსაც ისინი ხალხს პირდებოდნენ ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად.

რა თქმა უნდა, პოლიტიკური ცრუ-მესია საბოლოოდ ყოველთვის მარცხისთვის არის განწირული, რადგან არ არსებობს პოლიტიკოსი, რომელსაც საზოგადოების ყველა პრობლემის გადაჭრა ძალუძს. და რაც მთავარია, ძალაუფლება, მითუმეტეს აბსოლუტური ძალაუფლება, ყოველთვის ხრწნის პოლიტიკოსს, რაც შეუძლებელს ხდის მისი დანაპირების განხორციელებას.

ცრუ-მესიის მარცხის მთავარი მსხვერპლი ისევ და ისევ ხალხია, რადგან ყოველი ცრუ-მესიის დაცემას მოსდევს სახალხო იმედგაცრუება, ნიჰილიზმი, და შესაბამისი პოლიტიკური აპათია, რაც საზოგადოების განვითარებაზე უაღრესად უარყოფით გავლენას ახდენს. დღევანდელი საქართველო და ქართველი საზოგადოება პოლიტიკური მესიებით იმედგაცრუების, კატასტროფული ნიჰილიზმის და აპათიის ნათელი მაგალითია. თუმცა სამწუხარო ფაქტია, რომ ქართველ საზოგადოებაში შაბლონად ქცეული „ხალხს ყველამ იმედი გაუცრუა, ხალხი ყველამ მოატყუა,“ სინამდვილეში ჩვენი პოლიტიკურ ცრუ-მესიებზე დამოკიდებულების პირდაპირი შედეგია. ჩვენი ნიჰილზმის, აპათიის და ზოგადად კრიზისის შედეგი ჩვენივე კოლექტიური არჩევანია ბოლო 30 წლის მანძილზე.

უკანასკნელი რვა-ცხრა წლის პოლიტიკური ქაოსი, ეკონომიკური გაღატაკება, კორუფცია, ნეპოტიზმი და ზოგადი კრიზისი, კიდევ ერთხელ აბრუნებს ქართველ საზოგადოებაში ბანალურ კითხვას: „რა გვეშველება?“ ნათელია, რომ საქართველოში პოლიტიკური ცრუ-მესიის, მხსნელის ძიების ახალი ციკლი დაიწყო. რთულია იმის განსაზღვრა თუ საიდან გამოჩნდება ახალი ყალბი მხსნელი. ის შესაძლებელია ან ძველი რეჟიმის ან „ქართული ოცნების“ წიაღიდან გამოვიდეს, ოღონდ ახალ ფერებში შეფუთული და განახლების მომხიბვლელი რიტორიკით აღჭურვილი. და ჩვენც მას ხელგაშლილი შევეგებებით. ჩვენ ხომ ყოველთვის ასე ადვილად ვტყუვდებით, ანუ თავს ვიტყუებთ, და შემდეგ ვამბობთ, რომ ყველამ მოგვატყუა და იმედი გაგვიცრუა.

აშკარაა, რომ ეს ახალი ციკლიც ქართველ ხალხს რამდენიმე წელში იმედგაცრუების, ნიჰილიზმის და აპათიის უფრო ღრმა უფსკრულში გადაჩეხავს. და ასე გაგრძელდება მუდამ, სანამ ქართველი ხალხი მთლიანად არ გაითავისებს, რომ ქვეყნის და საზოგადოების ხსნა არა პოლიტიკური მესიიდან, არამედ თავისუფალი, განათლებული, აქტიური და შემოქმედი მოქალაქისგან და საზოგადოებისგან მოდის. მხოლოდ ამგვარი მოქალაქე და საზოგადოება წარმოშობს ძლიერ ლიდერს, რომელიც ხალხთან ერთად შეებრძოლება კატაკლიზმურ კრიზისს. სხვაგვარად კრიზისი არ დაიძლევა. არჩევანი ჩვენზეა. ნამდვილად ჩვენზეა. ნუ შევარჩევთ ახალ ცრუ-მესიას. უკვე მთელი ერთი თაობის დრო დავკარგეთ ყალბი მხსნელების მიმდევრობაში. კიდევ რამდენი დრო უნდა დავკარგოთ?!

 

©2021 ეროვნულ-რეფორმისტული ფორუმი. შესრულებულია inboundi-ს მიერ

შეგვეხმიანეთ

ამ მომენტში აქ არ ვართ, მაგრამ გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტა და უმალვე გიპასუხებთ.

იგზავნება

გაიარე ავტორიზაცია შენი მონაცემებით

დაგავიწყდათ თქვენი მონაცემები?