დათა გუნჯუა, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი

საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთ ურთულეს რეგიონში მდებარეობს, რაც ისტორიულად ჩვენ ქვეყანას ყოველთვის დიდი სახელმწიფოების გეოპოლიტიკური თამაშების არეალად ხდიდა. სწორედ ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო საქართველო არაერთხელ გამხდარა მწვავე კონფლიქტების მოწმე, რომლებიც ჩვენზე პირდაპირ თუ არაპირდაპირ ზეგავლენას ახდენდნენ. წინამდებარე სტატიაში საუბარი გვექნება სწორედ ერთ-ერთ ასეთ კონფლიქტზე და საქართველოზე მის შედეგებსა და გავლენაზე.

2020 წელი კავკასიის რეგიონისთვის საკმაოდ მძიმე წელი იყო, არა მარტო COVID-19 პანდემიისა და თანამდევი ეკონომიკური კრიზისის, არამედ ასევე სომხეთ-აზერბაიჯანის ომის შედეგად ყარაბაღის რეგიონში. 2020 წლის სომხეთ-აზერბაიჯანის ომი, ანუ ყარაბაღის მეორე ომი, სულ რაღაც 44 დღე გაგრძელდა და აზერბაიჯანის გამარჯვებით დასრულდა. აზერბაიჯანმა მძიმე დარტყმები მიაყენა სომხეთის არმიას და დაიბრუნა 1992-1994 წლების ომის შედეგად დაკარგული ტერიტორიების 75 პროცენტი. კერძოდ, 2020 წლის 9 ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მიხედვით, სომხეთმა აღიარა მარცხი და აზერბაიჯანს დაუბრუნა მთიანი ყარაბაღის ირგვლივ მდებარე შვიდი რაიონი და ამასთან ერთად, უშუალოდ მთიან ყარაბაღში მდებარე ჰადრუტის და შუშის რაიონები, ქალაქ შუშითურთ. სომხეთი ასევე დათანხმდა სამხრეთში, ზანგეზურის რაიონის გავლით, აზერბაიჯანისათვის შეექმნა ნახჭევანის რეგიონთან დამაკავშირებელი სახმელეთო-სატრანსპორტო კორიდორი, რომელიც აქამდე აზერბაიჯანს არ გააჩნდა.

შეთანხმების მიხედვით, ამ ეტაპზე სომხური მხარის კონტროლის ქვეშ დარჩა სტეფანაკერტის, ასკერანის  და მარტუნის რაიონები, უშუალოდ მთიანი ყარაბაღის რეგიონში. მთლიანობაში, სომხურმა მხარემ დაკარგა ყველა დანარჩენი ტერიტორია მთიან ყარაბაღში და მის გარეთ. რაც შეეხება, ლაჩინის ხუთ კილომეტრიან კორიდორს, რომელიც სომხეთს მთიან ყარაბაღთან აკავშირებს, ეს მონაკვეთი გადავიდა რუსეთის ფედერაციის ეგრეთ წოდებული მშვიდობისმყოფელების კონტინგენტის მეთვალყურეობის ქვეშ.

რუსეთის პოზიციები ყარაბაღში მხოლოდ ლაჩინის კორიდორის ზედამხედველობით არ შემოიფარგლება. 9 ნოემბრის ხელშეკრულების მიხედვით, დაახლოებით 2,000 ჯარისკაცისგან შემდგარი რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი გააკონტროლებს სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის ყველა სტრატეგიულ წერტილს ყარაბაღის რეგიონში. ამ კონტინგენტის მოქმედების ვადა ხუთი წლით განისაზღვრება, რის შემდეგაც იგი ავტომატურად კიდევ ხუთი წლით განახლდება, თუ კონფლიქტის რომელიმე მონაწილე მხარე ვადის გასვლამდე ექვსი თვით ადრე სამშვიდობო ფორმატის გაუქმებას არ მოითხოვს.

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ყარაბაღის მეორე ომმა და მისმა შედეგებმა ფუნტამენტალურად შეცვალეს გეოპოლიტიკური მდგომარეობა სამხრეთ კავკასიაში. უპირველეს ყოვლისა, მისი შედეგები პირდაპირ გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ საფრთხეებს შეიცავს უშუალოდ საქართველოსთვის:

პირველი, ომის შედეგად ჩვენმა ამჟამინდელმა მოწინააღმდეგემ, რუსეთმა, კიდევ უფრო გაიმყარა პოზიციები კავკასიის რეგიონში. შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი ასეთი ძლიერი არასოდეს ყოფილა კავკასიაში. ჩეჩნეთის მეორე ომში გამარჯვების შემდეგ, რუსეთმა სრულად აღადგინა თავისი კონტროლი ჩრდილოეთ კავკასიაზე. ამასთანავე, რუსეთმა წარმატებით აღკვეთა სომხეთის ყოველი მცდელობა ეწარმოებინა დამოუკიდებელი პოლიტიკა და ფაქტობრივად, ეს ქვეყანა თავის სატელიტად აქცია. ასევე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს კატასტროფული მარცხის შემდეგ რუსეთმა ფაქტობრივად დაანაწევრა საქართველო და აფხაზეთისა და შიდა ქართლის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძლიერი რუსული სამხედრო ბაზები დააფუძნა.

ამ დრომდე, კავკასიაში აზერბაიჯანი რჩებოდა ერთადერთ ქვეყნად, სადაც რუსეთს ჯერ კიდევ არ ქონდა საკუთარი სამხედრო ბაზა. 2020 წლის სომხეთ-აზერბაიჯანის ომმა რუსეთს სამხრეთ კავკასიაში გავლენის გაფართოების ახალი უნიკალური შესაძლებლობა მისცა. ყარაბაღის მეორე ომმა რუსული სამხედრო ბაზა, ამჯერად სამშვიდობო კონტინგენტის ფორმატით, აზერბაიჯანშიც დაამკვიდრა, რაც მოსკოვს არამარტო ბაქოზე, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიაზე ზემოქმედების ახალ ბერკეტებს აძლევს. ფაქტია, რომ საქართველო ახლა უკვე აზერბაიჯანის მხრიდანაც მოქცეულია რუსული ჯარების რკალში.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ყარაბაღის მეორე ომი შეწყდა, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი მთლიანად არ გადაწყვეტილა. ნათელია, რომ რუსეთმა აზერბაიჯანს საშუალება არ მისცა აეღო ქალაქი სტეფანაკერტი და მასთან ერთად დანარჩენი მთიანი ყარაბაღი. ეს ნიშნავს რომ მოსკოვმა კიდევ ერთხელ წარმატებით გაყინა ყარაბაღის მრავალწლიანი კონფლიქტი. თუ აზერბაიჯანი და მისი პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი, კავკასიაში რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ ოდესმე რადიკალურად წავლენ, რუსეთს შეუძლია დაუყოვნებლივ განაახლოს ყარაბაღის კონფლიქტი, ახლა უკვე სომხეთის მხარეს და აზერბაიჯანის წინააღმდეგ, და „ურჩი“ აზერბაიჯანი სამაგალითოდ დასაჯოს. ნიშანდობლივია, რომ ზოგიერთი ცნობით რუსეთმა უკვე დაიწყო ქალაქ სტეფანაკერტში მოსახლეობისათვის რუსული პასპორტების დარიგება.

იგივე ეხება სომხეთს. თუკი ერევანმა ოდესმე სცადა დამოუკიდებელი და რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო პოლიტიკის გატარება, რუსეთს ასევე ძალუძს ყარაბაღის ახლიდან გაყინული კონფლიქტის განახლება და სომხეთის მკაცრად დასჯა, ისევ და ისევ აზერბაიჯანის ხელით.

ეს ყოველივე, თავისთავად ზრდის სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოკიდებულებას რუსეთზე და ზღუდავს მათი მოქმედების არჩევანს თბილისთან მიმართებაში. ეს კი, ბუნებრივია, შეუძლებელია კარგი იყოს საქართველოსთვის.

სომხეთ-აზერბაიჯანის ომის მეორე შედეგი ეკონომიკურია, რომელმაც შესაძლოა ძალზედ უარყოფითი გავლენა მოახდინოს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე და შესაბამისად, ქონდეს შორსმიმავალი რეგიონულ-პოლიტიკური ეფექტი თბილისისთვის. კერძოდ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო იყო უალტერნატივო სატრანზიტო ქვეყანა როგორც აზერბაიჯანისთვის, ასევე სომხეთისთვის, ძირითადად, სომხეთ-აზერბაიჯანის გადაუწყვეტელი კონფლიქტის შედეგად. ეს ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს და თანაც ძალიან სწრაფად და რადიკალურად. კერძოდ, ომის დამთავრებისთანავე ერთის მხრივ სომხეთმა და მეორეს მხრივ აზერბაიჯანმა და თურქეთმა, საუბარი დაიწყეს ერთმანეთთან საზღვრების გახსნის, სატრანზიტო კავშირების აღდგენისა და აქტიური ეკონომიკური თანამშრომლობის დამყარების შესაძლებლობაზე. ბუნებრივია, მშვიდობიანი კავკასია, სადაც რეგიონის ქვეყნები ერთმანეთთან მჭიდრო ეკონომიკურ თანამშრომშომლობას ეწევიან, უპირველეს ყოვლისა საქართველოს ინტერესებში შედის. მაგრამ, ასევე საკითხავია, თუ რა ბედი ეწევა საქართველოს როგორც კავკასიის უმთავრესი სატრანზიტო ქვეყნის როლს და რა გავლენას მოახდენს ეს საქართველოს მუდმივად კრიზისულ ეკონომიკაზე და მისი ზრდის პერსპექტივაზე. გასათვალისწინებელია, რომ მომავალში, სამხრეთ კავკასიაში დიდი სატრანზიტო პროექტები შესაძლოა საქართველოს გვერდის ავლით განხორციელდეს, რაც ასევე მძიმე დარტყმა იქნება საქართველოს ეროვნული ეკონომიკისთვის.

ბუნებრივად, სამხრეთ კავკასიაში მთავარი სატრანზიტო ქვეყნის სტატუსის დაკარგვა ასევე უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს პოლიტიკურ გავლენაზე რეგიონში. თუ აქამდე სომხეთი და აზერბაიჯანი გარკვეულ საკითხებში საქართველოს პოზიციებს და შეხედულებებს ითვალისწინებდნენ, ალტერნატიული სატრანზიტო გზების არსებობის პირობებში მათ ამის აუცილებლობა უბრალოდ აღარ ექნებათ. შესაბამისად, ნებისმიერი სახელმწიფო საქართველოს ადვილად მოახვევს თავს მისთვის სასურველ პოლიტიკას, ეს იქნება ენერგორესურსებზე ფასების ზრდა, რაიმე სახის ისტორიული თუ ტერიტორიული დავა ან სხვა დიდი თუ მცირე საკითხი, რომელიც ქვეყნებს შორის ყოველთვის არსებობს. შედეგად, ისედაც სუსტი საქართველო სწრაფად გადაიქცევა მეორეხარისხოვან სახელწიფოდ სამხრეთ კავკასიაშიც კი, სადაც აზერბაიჯანის ლიდერობა უკვე აშკარა ფაქტია.

ნათელია, რომ ყარაბაღის მეორე ომმა საქართველოს ისედაც რთული რეგიონალური მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა. ასეთ პირობებში უფრო მეტი სიფრთხილე, სიფხიზლე და საღი ანალიზი გვმართებს, რათა საქართველომ მის ირგვლივ თანდათან დავიწროებულ გეოპოლოტიკურ ყულფში საკუთარ არსებობას საფრთხე არ შეუქმნას. ჩემი სტატიის მიზანიც სწორედ ეს არის, რომ სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური რეალობა სწრაფად და ნათლად გავიაზროთ და მომავლისთვის რეალისტური პოლიტიკა დავსახოთ.

©2021 ეროვნულ-რეფორმისტული ფორუმი. შესრულებულია inboundi-ს მიერ

შეგვეხმიანეთ

ამ მომენტში აქ არ ვართ, მაგრამ გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტა და უმალვე გიპასუხებთ.

იგზავნება

გაიარე ავტორიზაცია შენი მონაცემებით

დაგავიწყდათ თქვენი მონაცემები?