ზვიად აბაშიძე, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოცირებული პროფესორი

ევროკომისიის თავმჯდომარის ჟან-მიშელის ეგიდით საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის ახლახანს მიღწეული შეთანხმება ნამდვილად კარგ მასალას იძლევა მრავალი საკითხის გადასააზრებლად. ეს მოვლენა საშუალებას გვაძლევს მასში რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ ამოვიკითხოთ ჩვენი რეალობის უკეთ გასაგებად.

პირველ რიგში, ნამდვილად მისასალმებელია ამგვარ პროცესში ევროკავშირისა თუ ამერიკის შეერთებული შტატების აქტიური მონაწილეობა, რადგან ამით ცხადად დასტურდება, რომ ჩვენ ქვეყანას რეგიონულ კონტექსტში გარკვეული მნიშვნელობა გააჩნია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და ჩვენთან მიმდინარე პროცესები დემოკრატიული სამყაროსთვის მთლად უმნიშვნელო არ არის. ფაქტია, ევროკავშირი და აშშ ცდილობენ საქართველო დარჩეს დასავლურ პოლიტიკურ ორბიტაზე და დანარჩენი სამხრეთ კავკასიური ქვეყნების მსგავსად  ხელახლა არ გადაიქცეს რუსეთის გავლენის სფეროდ.

თუმცა, ასევე კარგად უნდა გვესმოდეს, რომ უცხო ქვეყნების მიერ ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას ამ ქვეყნების კერძო ეროვნული ინტერესები განაპირობებენ. სხვაგვარად მათ აქტიურობას უბრალოდ მოტივაცია არ ექნებოდა. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამგვარი ინტერესი ჩვენთვის დასავლეთთან ინტეგრაციის ისტორიულ შანსს ქმნის და მისი არსებობა მომავალში დიდად იქნება დამოკიდებული იმ ფაქტზე, თუ რამდენად უნარიანად გავუმკლავდებით ჩვენს შიდა პრობლემებს სხვა ქვეყნების პირდაპირი ჩარევის გარეშე.

როდესაც დამოუკიდებელ, წარმატებულ სახელმწიფოებს პოლიტიკურ სივრცეში საკუთარი ადგილის მტკიცედ დამკვიდრება სურთ, ისინი ცდილობენ თვითონვე იყვნენ საკუთარ საქმეთა მმართველები და შესაბამისად, სხვათა ჩაურევლად გადაჭრან თავიანთი შიდა პრობლემები. საამისოდ, მათ შესაძლოა საერთაშორისო დახმარებაც გამოიყენონ, თუმცა პროცესთა მთავარ წარმმართველებად თვითონვე რჩებიან. მათთვის საერთაშორისო დახმარება და მხარდაჭერა უმთავრესად ქვეყნის შიდა პოტენციალის გაძლიერებას ხმარდება და არა უცხოეთის პირდაპირი თუ ირიბი მოთხოვნების დაკმაყოფილებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ესა თუ ის უცხო ქვეყანა ან ორგანიზაცია რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის მხარეს იჭერს მეორეს საწინააღმდეგოდ, რათა ამ ჯგუფის ხელისუფლებაში მოსვლა ან პოლიტიკური გავლენის შენარჩუნება უზრუნველყოს.

ასევე, თუ კარგად დავაკვირდებით წამყვანი ქართული პოლიტიკური ჯგუფების მოქმედებას მოცემულ პოლიტიკურ კრიზისში, ნათლად დავინახავთ, რომ ისინი მკაფიოდ ცდილობდნენ დასავლეთის მედიაცია მათ პირად მხარდაჭერად წარმოესახათ და ასე მოეხდინათ პოლიტიკური პროცესის მანიპულაცია საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. ამგვარი პოლიტიკური ეგოიზმი საქართველოსთვის არახალია. ჩვენი ქვეყნის ძველ და უახლეს ისტორიაში უამრავი მაგალითია, როდესაც ერთი პოლიტიკური სუბიექტი, ჯგუფი იქნებოდა ის თუ პიროვნება, ცდილობდა სწორედ უცხო სახელმწიფოს დახმარებით დაესუსტებინა პოლიტიკური მეტოქე და მოეპოვებინა პოლიტიკური ძალაუფლება, თუნდაც ეს ქვეყნის ერთიანობისთვის საზიანო ყოფილიყო.

საქართველოში ამგვარი ქცევითი მოდელის აღმოცენებაში სამმა ისტორიულმა ფაქტორმა ითამაშა უმთავრესი როლი: ცენტრალიზებული სახელმწიფოს დიდი ხნით გაქრობამ, მძიმე საგარეო ფაქტორებმა და საზოგადოების შემოქმედებითმა ინერტულობამ. ამგვარ ვითარებაში, საქართველო და ქართველი ხალხი ყოველთვის მარტივად ხდებოდა უცხო ძალის სოციალურ-პოლიტიკური სივრცის ნაწილი, რომლის შემდეგ ამ უცხოთა შიდა პოლიტიკურ პროცესში გამოყენება ბუნებრივ პროცესად აღიქმებოდა, რადგან „უცხო“ არცთუ ისე უცხოდ აღარ მოჩანდა, როგორც ეს დასაწყისში გვეჩვენებოდა.

ნიშანდობლივია, რომ ისტორიულად ჩვენ ყოველთვის გვიჭირდა ნებისმიერი საკითხის კოდიფიცირებული სამართლით გადაჭრა, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფო სტრუქტურების სისუსტის გამო. მე-17 საუკუნის ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი გაკვირვებით აღნიშნავდა, რომ თუ ქართველები საკითხს სასამართლოთი ვერ წყვეტდნენ, მაშინ მომჩივანები ერთმანეთს ხმალ და ხმალ ერკინებოდნენო. ვახუშტი ბაგრატიონი ამ პროცესს „ხმალში გასვლას“ უწოდებდა, რაც ევროპულ დუელს წააგავდა. თუმცა, ჩვენდა საუბედუროდ, კარდინალ რიშელიეს მსგავსად დუელის დამთრგუნავი ქართულ სინამდვილეში ვერავინ გამოჩნდა. კარდინალი რიშელიე ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ცენტრალიზაციის პროცესის სიმბოლიზაციაა, რომელმაც შესძლო ძლიერი, ცენტრალიზებული საფრანგეთის და ქმედითი სახელწიფო სტრუქტურების ფორმირება.

უსაშველოდ გახანგრძლივებულმა ფეოდალიზმმა და საუკუნეების განმავლობაში სხვა დიდ სახელმწიფოთა შემადგენლობაში ყოფნამ თუ მათდამი ვასალურმა დამოკიდებულებამ, ჩვენში ამგვარი ქცევითი მოდელის ერთგვარი კანონიზაცია მოახდინა. ევროპულმა ქვეყნებმა ამ სახის პრობლემები ერი-სახელმწიფოს შექმნითა და მოდერნიზაციის პროცესით დასძლიეს, სადაც პარტიკულარისტული ინტერესი ძლიერმა კოლექტიურმა სამოქალაქო ინტერესმა და ქმედითმა სახელისუფლებო სტრუქტურებმა გადასძალეს. შედეგად, დასავლეთში შეიქმნა თანამედროვე ეროვნული თვითშეგნება და სიამაყის განცდა. პარტიკულარიზმი არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ მორალურადაც მიუღებლად იქცა.

ჩვენთან თანამედროვე ეროვნული სახელმწიფო მხოლოდ 1918 წელს შეიქმნა. თუმცა ხსენებულმა ქცევითმა მოდელმა დიდი როლი ითამაში პირველი ქართული რესპუბლიკის დაცემაში 1921 წელს. სამ წელიწადში უბრალოდ ვერ მოესწრო, და შეუძლებელიც იყო, ახალი ტიპის საზოგადოებისა და სახელმწიფოს შექნა. საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა საქართველოს პერიოდში ძველ ქცევით მოდელს კვლავ მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა. 1992 წელს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობაში ამ მოდელის არსებობამ ცენტრალური როლი ითამაშა.

ევროკავშირმა და აშშ-მ საკუთარი მოღვაწეობით ნათლად დაგვანახეს, რომ მათ შუასაუკუნეობრივი ვასალიტეტი არ ესასჭიროებათ. მათ სურთ იხილონ საქართველო, როგორც პასუხისმგებელ მოქალაქეთა, და არა ქვეშევრდომთა, ერთობა, რომელსაც ექნება უნარი თვითონვე გაუმკლავდეს საკუთარ შიდა პრობლემებს. სხვა შემთხვევაში, დიდი ალბათობაა, რომ მათ ჩვენს მიმართ სწორედ ის ინტერესი გაუქრეთ, რომელიც სტატიის დასაწყისში აღვნიშნე. სამყაროში და მით უმეტეს პოლიტიკაში ხომ მუდმივი არაფერია.

 

©2021 ეროვნულ-რეფორმისტული ფორუმი. შესრულებულია inboundi-ს მიერ

შეგვეხმიანეთ

ამ მომენტში აქ არ ვართ, მაგრამ გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტა და უმალვე გიპასუხებთ.

იგზავნება

გაიარე ავტორიზაცია შენი მონაცემებით

დაგავიწყდათ თქვენი მონაცემები?