ირაკლი სილინი, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი

21-ე საუკუნემ ნათლად წარმოგვიჩინა საერთაშორისო სისტემის ანარქიული ბუნება. თუკი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მსოფლიოში ამერიკის შეერთებული შტატების მეთაურობით უნიპოლარული სისტემა დამყარდა, დღეს აღნიშნული სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. როგორც ნეორეალიზმის ფუძემდებელი ჯონ მირშაიმერი აღნიშნავს, სახელმწიფოები საკუთარი გავლენის გაზრდისაკენ ისწრაფვიან, რათა საბოლოო მიზანს, ჰეგემონიას მიაღწიონ. ამ მოსაზრების ყველაზე ნათელი მაგალითი გახლავთ დღევანდელი ჩინეთი, რომელიც არაერთი მიმართულებით სწრაფ წინსვლას განიცდის. კერძოდ, დღევანდელი მონაცემებით, ის მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით, რაც 15 ტრილიონ ამერიკულ დოლარს აღემატება. გარდა ამისა, ჩინეთი უპირობო ლიდერია სავაჭრო ექსპორტისა და უცხოური სავალუტო რეზერვების მხრივ. რაც შეეხება სამხედრო სფეროს, ბეიჯინგი თავდაცვის ბიუჯეტით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ჩინეთი უპირობო ლიდერია შეიარაღებული ძალების რაოდენობით და მესამე-მეოთხე ადგილზეა ბირთვული იარაღის რაოდენობით. ის ფაქტი, რომ ჩინეთი მსოფლიოში ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანაა, მას დამატებით ძალას აძლევს.

ეს ყველაფერი ნათლად მიგვანიშნებს აღნიშნული სახელმწიფოს უზარმაზარ პოტენციაზე. აღსანიშნავია, რომ საკმაოდ მიჩქმალულია ის ფაქტი, თუ რა მეთოდებს იყენებს ჩინეთი საკუთარი გავლენის გაზრდისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა არ სარგებლობს დიდი პოპულარობით, მისი განსაზღვრა დაგვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ახერხებს ბეიჯინგი ასე ეფექტურად სხვადასხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობის გამყარებას და  საკუთარი თავის პოზიტიურად წარმოჩენას. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ჩინეთი არ მისდევს კლასიკური საერთაშორისო ურთიერთობების პრინციპებს. კერძოდ, მისი პოლიტიკური ელიტა არასდროს უწევს რეკლამას კომუნისტურ რეჟიმს. პირიქით, ის ცდილობს ნაკლები აპელირება გააკეთოს ამ ასპექტებზე, რაც მას ხელს უწყობს ითანამშრომლოს როგორც დემოკრატიულ ქვეყნებთან, ისე ავტორიტარულ, ტოტალიტარულ ან გარდამავალი დემოკრატიის მქონე სახელმწიფოებთან. ჩინეთი ასევე არ წარმოაჩენს საკუთარ თავს ამა თუ იმ რეჟიმის დამცველად, რასაც ხშირად მიმართავს ამერიკის შეერთებული შტატები. ამგვარად ბეიჯინგი ახერხებს არაერთი, უმეტესწილად განვითარებადი ქვეყნის გულის მოგებას.

გარდა ამგვარი მიდგომისა, ბეიჯინგი საკმაოდ კარგად იყენებს ისტორიულ ასპექტსაც. როგორც ვიცით, ჩინეთი მრავალი წლის მანძილზე სუსტი, ნაკლებად განვითარებული ქვეყანა და კოლონიური იმპერიების მიერ ჩაგრული სახელმწიფო იყო. შესაბამისად, მისი ისტორია ანტიკოლონიური ბრძოლის არაერთ მომენტს მოიცავს. ამის კარგი მაგალითია ბოქსერის 1899-1901 წლების მასშტაბური აჯანყება (The Boxer Rebellion) ჩინეთში უცხოური ინტერვენციის წინააღმდეგ. ამ მძიმე წარსულზე აპელირებით აზიური გიგანტი პოსტკოლონიური სახელმწიფოების გულის მოგებასაც ეფექტურად ახერხებს, რომლის საფუძველზეც ბეიჯინგისადმი მათი ნდობა იზრდება, ხოლო დასავლური ქვეყნების, მათ შორის აშშ-ს გავლენა მათზე მცირდება. გასაკვირი არ არის, რომ მაგალითად, აფრიკის კონტინენტზე მთავარი ინვესტორი და აფრიკის ქვეყნების მთავარი პოლიტიკური მეგობარიც სწორედ ჩინეთია. აფრიკაში ჩინური ინვესტიციებისა და სესხების წილი დაახლოებით ორჯერ აღემატება იგივე აშშ-ს წილს და ეს მაჩვენებელი სულ უფრო და უფრო იზრდება.

ზემოთ ხსენებული არგუმენტების გარდა ჩინეთის გაძლიერებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესმა, რამაც ბეიჯინგის საერთაშორისო სავაჭრო და ფინანსურ ბაზრებზე ხელ-ფეხი გაუხსნა. ეს ყველაფერი დაემთხვა ჩინეთის ენერგო პოლიტიკის მეორე ფაზას, რაც ნიშნავს, რომ ჩინეთი ვეღარ ახერხებდა მის ტერიტორიაზე არსებული რესურსებით მოთხოვნილების დაკმაყოფილებას და შესაბამისად, მძაფრად იგრძნო გლობალურ არენაზე გასვლის საჭიროება. ამას მოჰყვა მესამე ფაზა, რომელიც უფრო ეფექტურ და აქტიურ საინვესტიციო პოლიტიკას ითვალისწინებდა და შემდგომ, მეოთხე ფაზა, რომელიც გაკოტრებული ენერგო კომპანიების შეძენის ინტენსიურ პოლიტიკას მოიცავდა. აღნიშნული მეოთხე ფაზა საინტერესოა იმითაც არის, რომ ის 2008 წელს მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს დაიწყო, რომლის გამოც მრავალი კომპანია დაზარალდა. პარადოქსულია, რომ ჩინეთმა ეს კრიზისი სათავისოდ გამოიყენა და არაერთი კომპანია უბრალოდ შეისყიდა ან უხეშად რომ ვთქვათ, მისთვის საინტერესო ენერგობაზრებიდან გააძევა.

კიდევ ბევრი რამის  თქმა შეიძლება ჩინეთის გაძლიერებასთან დაკავშირებით, მაგრამ სტატიის ზოგადი ფორმატი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ყველაფერზე დეტალურად ვისაუბროთ. თუმცა, ნათელია, რომ ჩინეთს აქვს კოლოსალური პოტენცია გახდეს მსოფლიო ჰეგემონი, მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვამტკიცებ ამ პროცესის გარდუვალობას. ასევე, ფაქტია, რომ ჩინეთს აქვს გლობალური ინტერესები და ის ცდილობს საუკუნეების მანძილზე გამოუყენებელი შესაძლებლობების რეალიზაციას. ეს სტატია სწორედ ამ პროცესის გაშუქებას ემსახურებოდა მიზნად.

©2021 ეროვნულ-რეფორმისტული ფორუმი. შესრულებულია inboundi-ს მიერ

შეგვეხმიანეთ

ამ მომენტში აქ არ ვართ, მაგრამ გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტა და უმალვე გიპასუხებთ.

იგზავნება

გაიარე ავტორიზაცია შენი მონაცემებით

დაგავიწყდათ თქვენი მონაცემები?